მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილარმონიის მმართველის წერილი გიორგი ქობულიას: დავალიანება 9 წელზე გაგვინაწილეთ

5c8f85c6da9b9
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.19 16:19
1776
თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის ნომერ 1-ში მდებარე სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს. შენობის ოპერირებას კი, 2007 წელს გაფორმებული 49-წლიანი ხელშეკრულებით “ინტერნეიშენალ ივენთსი” ახდენს. როგორც ირკვევა, სახელმწიფო ვერ იღებს დარბაზიდან იმ შემოსავალს, რაც კონტრაქტით არის განსაზღვრული.

საია-ს ინფორმაციით, დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება, სწორედ ამიტომაც 2019 წლის 4 იანვარს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიყენა კონტრაქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და “ინტერნეიშენალ ივენთსს” ხელშეკრულება ცალმხრივად გაუწყვიტა.

ფილარმონიის დირექტორი გიორგი კერესელიძე ირწმუნება, რომ 2007 წელს, როცა კომპანიამ 49-წლიანი იჯარის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სახელმწიფომ წლიური საზღაური მოტყუებით გაუზარდათ. კერესელიძის თქმით, მაშინ როდესაც მართვის საზღაური წელიწადში 25,000 ლარი უნდა ყოფილიყო, კონტრაქტში ამაზე 10-ჯერ მეტი თანხა - 250,000 ლარი ჩაიწერა. "თითო ნული მიეწერა", - ამბობს კერესელიძე გადაცემა "ანალიტიკაში". 

ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფოსგან შევიწროვებას განიცდიდნენ.

BMG-იმ მოიპოვა წერილი, რომელიც “ინტერნეიშენალ ივენთსის” გენერალურმა დირექტორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას და მამუკა ბახტაძეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 14 დღის შემდგომ გაუგზავნა.

დოკუმენტით კომპანია პირგასამტეხლოს სრულ გათავისუფლებას, არსებული დავალიანების 9 წელზე გადანაწილებას, ასევე კონტრაქტით განსაზღვრული ღონისძიებების რაოდენობის შემცირებას ითხოვს.

ამ წერილიდან მალევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადაამოწმა კომპანიის სტატუსი, რის შედეგადაც გაირკა, რომ სახელმწიფომ ბუნდოვანი მიზეზებით უკან წაიღო კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, რიგ პროცედურულ დარღვევებს შეიცავს.

საია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ფილარმონიის მმართველმა ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები და სახელმწიფოს წინაშე სოლიდური დავალიანება გაუფორმა, რის გამოც, მასთან კონტრაქტი უნდა შეჩერდეს.

“ინტერნეიშენალ ივენთსი” კი, აცხადებს, რომ მათ დარბაზში $5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და ახლა სახელმწიფოს მხრიდან მათთვის კონტრაქტის შეჩერება “სრულიად უკანონოა”.

აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, ფილარმონიის აქტივების ღირებულება 55 მილიონ ლარს აღემატება. 2017 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 1.9 მილიონი ლარი იყო, აუდიტორული დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზმა ნახევარი მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.

ფილარმონიის წერილი გიორგი ქობულიასა და მთავრობის ადმინისტრაციას - რას ასახელებს “ინტერნეიშენალ ივენთსი” იმის მიზეზად, რომ მათ კიდევ 37 წლის განმავლობაში განაგრძონ:

2019 წლის 18 იანვარი

“სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან წერილი მივიღეთ, რომლითაც გვეცნობა, რომ სააგენტო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს “ინტერნეიშენალ ივენთსს” შორის შპს “თბილისის სახელწმფიო საკონცერტო დარბაზის” სახელმწიფო საკუთრებაში ასრებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების შესწყვეტის უფლებამოსილებას იყენებს.

მხარეებს შორის არსებული მოლაპარეკებებისა და პრობლემების მოგვარების მმცდელობის ფონზე, ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყცეტილება ჩვენი კომპანიისთვის. წერილი არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას გარდა იმისა, რომ სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეცვლის/გადავადების თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის მიზნით განახორციელოს შემდგომი ქმედებები და წარმოქნილი დავალიანებებისა და შეუსრულებელი ვალდებულებების საფუძველზე, იყენებს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წერილი არის დაუსაბუთებელი, უკანონო და არასამართლიანი, კერძოდ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყველა ყოფილი ხელმძღვანელისთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი ამ ხელშეკრულების დადების ისტორია. თავად იყვნენ შემსწრე იმ ფაქტისა, რომ ხელშეკრულების დადება და სახელშეკრულებლო პირობების განსაზღვრა არ მომხმდარა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპრების გათვალისწინებით. ვინაიდან, კონკურენტი ფიზიკურად არ გვყავდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ავიღეთ ეს ვალდებულებები.

ამასთან, სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის იყო დაპირება, რომ მართვის საზღაური მომავალში გადაიხედებოდა და საერთოდ მოიხსნებოდა. მაშინდელი ხელისუფლების კანონთან, ბიზნესთან, უფლებებთან დამოკიდებულება კარგად იყო ჩვენთვის ცნობილი, ამიტომ იმედი გვქონდა, 2012 წლის შემდეგ მიანც მოგვარდებოდა ეს პრობლემა და გადაწყვეტილების მიღება და სათანადო პასუხისმგებლობის აღება პრობლემა არ გახდებოდა, თუმცა მოლოდინები არ გაგვიმართლდა.

შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ მოვტყუვდით. დოკუმენტურად ისე ჩანს, რომ ჩვენ სააგენტოს მოთხოვნებს უყურადღებოდ ვტოვებდით. სინამდვილეში იმართებოდა შეხვედრები, ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებს ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას და მათი მოთხოვნის შესაბამისად ვაკეთებდით ყველაფერს. სწორედ ამის მაგალითია მინისტრის თხოვნით ჩვენ მიერ 2018 წლის ზაფხულში ჩატარებული აუდიტი, რომელიც ასევე ხარჯებთან იყო დაკავშირებული და რომლის მიზანიც ამ გადაწყვეტილების ფონზე გაურკვეველი დარჩა ჩვენთვის. დიახ, იყო დაპირბები და ყველა დაპირება ხელშეკრულების პირობების გადახედვას და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესაძლებლობას ეხებოდა. ამიტომ, ხელმძღანელი პირების მითითებების გათვალისწინებით, არ შეგვქმნოდა წერილები კონკრეტული დასაბუთებებით და ყოველდღიურად ველოდებოდით, რომ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პირობა ბიზნესის ხელშეწყობა იყო, გვქონდა მოლოდინი, რომ პირველ რიგში ხელისუფლებისგან დაჩაგრულ ბიზნესს მოხედავდნენ და ბიზნესის ხელშეწყობის დაპირებას ცრუ დაპირებად არ აქცევდნენ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქმე ეხება საკონცერტო დარბაზს, რომელიც სპეციფიურია. კერძოდ, ხელშეკრულების დადებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში მართვის საზღაური 100,020 ლარი იყო. ამ პერიოდში მართალია, დარბაზზე მოთხოვნა არსებობდა, მაგრამ დარბაზს პირველ რიგში რემონტი სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, 2008 წლიდან “თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი” დაიხურა და ამ პერიოდში განხორციელებული ინვესტიცია მთლიანად მოხმარდა მის რეაბილიტაციას, რამაც გამოიწვია აქტივების გაზრდა და შესასაბამისად გაიზარდა ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის თანხაც. რეაბილიტირებული დარბაზის გახსნა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე (აგვისტოს ომი, ბანკიდან შეფერხებები კრედიტის გაცემისას და ასე შემდეგ). ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხრეხრდა. საბოლოოდ, იგი 2009 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ერთი წლის განმავლობაში დარბაზის ფუნქციონირების შეჩერებამ შეამცირა მისი შემდგომი დატვირთვა.

ეს ყველაფერი აისახა ორგანიზაციის მოგება-ზარალის შედეგებზე. ამიტომ 2009-2013 წლებში “თბილისის საკონცერტო დარბაზი” მუშაობდა ზარალზე. დღეის მდგომარეობით, მართვის საზღაური, 250,020 ლარია. ამის პარალელურად, ხელშეკრულების დადებიდან დღემდე, მოთხოვნა საკონცერტო დარბაზებზე მნიშვნელოვნადაა შემცირებული. დარბაზი სრული დატვირთვით მხოლოდ წინასაახალწლო პერიოდში მუშაობდა, წელს კი, ეს დატვირთვაც აღარ იყო. ამის გამო იძულებული ვართ კოკრეტულ ღონისძიებებზე მიღებული შემოსავალი გამოვიყენოთ შემდგო პერიოდებში ბიუჯეტის, კომუნალური გადასახადებისა და ხელფასების გასაცემად. ხშირად ვაწყობთ აქციებს და ღონისძიების ჩატარების მსურველებს ისეთ ფასში ვუწევთ მომსახურებას, რომ საბოლოოდ დარბაზს არანაირი მოგება არ რჩება. ნაკლები ღონისძიება ნაკლები შემოსავალია, რაც საბოლოდ გვართმევს მართვის საზღაურის გადახდის შესაძლებლობას.

მხედველობაშია მისაღები ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხიც. ხელშეკრულების გაფორმების დროს ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლითი კურსი იყო 1.668, ხოლო დღეს 2.66. მართალია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები ლარშა დაფიქსირებული, თუმცა, აპარატურის შეკეთებასთან დაკავშირებით ხშირად გვიხდება სათადარიგო ნაწილების შეძენა უცხოური ვალუტით. მაგალითად, მარტო 2018 წელს, პროჟექტორის ორი ცალი ნათურის შეძენა 405 ევრო დაგვიჯდა. ლარის გაუფასურების გამო ვერ ვახერხებთ განათების აპარატურისა და ახალი ხმის აპარატურის შეძენას, რაც საჭიროა დარბაზის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. აუცილებელია, ასევე დამატებითი ინვესტიციების განხორციელება კულისებისა და საგრიმიოროების შესაცვლელად, ამიტომ თუ ხელშეკრულების პიროებები გადაიხედებოდა და შესაძლებლობა მოგვეცემოდა, დამატებითი ინვესტიცია ისევ დარბაზს მოხმარდებოდა.

გასათვალისწინებელია, რომ 2016 წლიდან გაიზარდა კომუნალური გადასახადების თანხა წელიწადში საშუალოდ 55,000 ლარით. ხოლო მიმდინარე წელს ბუნებრივი აირის საფასურის ზრდაც დაემატა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის რგვლივ მხოლოდ ობიექტურ მსჯელობას მოვითხოვთ და განვმარტავთ: ჩვენ ვენდეთ სახელმწიფოს დაპირებებს, გვქონდა კანონიერების მოლოდინი და ველოდით უფლებამოსილი პირებისგან სათანადო პასუხისმგებლობის აღებას. ვითვალისწინებდით, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფოსთან, რომლის წარმომადგენლებმა დეტალურად იცოდნენ, სად, როდის, როგორ, რა ვითარებაში შეიზღუდა ჩვენი უფლებები. დიახ, სააგენტოს აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება, მაგრამ ეს უკიდურესი ღონისძიებაა. ამ უფლების გამოყენებამდე აუცილებელია, “ინტერნეიშენალ ივენთს”-ის მიმართ, (როგორც ეს ხდება სხვა არაერთი კომპანიის მიმართ) იყოს გამოყენებული კანონის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები: პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება, დავალიანების განაწილება და ასე შემდეგ. თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, სააგენტომ ამის შემდეგ უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება. ეს იქნება სწორი, კანონიერი, სამართლიანი გადაწყვეტილება.

ჩვენს რეალობაში პრობლემა არის ის, რომ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს საჯარო სამსახურის არსი და იდეა სწორად არ აქვთ გათვითცნობიერებული, რამაც ამდენი წლის განმავლობაში გადაწყვეტილების მიუღებლობა განაპირობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, “სწორეად ორგანიზებული და ფუნქციონირებადი საჯარო სამსახური არის დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისა და ეფექტური მმართველობის განხორციელების წინაპირობა. ამგვარი სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია სამართლებრივი და ინსტიტუციონალური გარემოს გაუმჯობესების, მიუკერძოებლობის, არაეთიკური ქცევისა და დისკრეციის არ დაშვების გარეშე. საზოგადოების თანამონაწილეობის ხარისხი და მასშტაბი მმართველობის განხორციელებაში დიდწილად არის დამოკიდებული სახელმწიფოსადმი, მისი ინსტიტუტებისამდე ნდობის, რწმენის ხარისხზე.

მოსახლეობის ნდობის კოეფიციენტს კი რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის გამჭვირვალობა, კანონიერება, პროფესიონალიზმის დაფასება, ხელშეწყობა, წახალისება, ობიექტურობა, და ასე შემდეგ. საჯარომ მმართველობა საზოგადოების კეთილდღეობისათვის ხორციელდება. ხოლო საზოგადოების ინტერესების განხორციელება საზოგადოების კეთილდღეობისათვის ხორციელდება. ხოლო საზოგადოების ინტერესების განხორციელება საზოგადოების წევრების (თუნდაც ერთი წევრის) უფლებების შელახვის ხარჯზე სრული ნონსენსი და თანამედროვე ეპოქისატვის შეუფერებელი, დრომოჭმული შეხედულება და მიდგომაა” - (საქმე ბს-463-451 (კ-13)).

სამწუხაროა, რომ სწორად არ არის გაგებული ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები. დისკრეციული უფლებამოსილება გაგებულია, როგორც აბსოლუტური თავისუფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დიახ, ერთხელ უკვე იმსჯელა კომისიამ ჩვენ საკითხზე და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების და დავალაინების გადანაწილების რეკომენდაცია მიიღო. თუმცა, სააგენტომ გვაცნობა, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და მითითებული ღონისძიების განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება. ხოლო მიღებულ რეკომენდაციაზე ჩვენი პოზიცია წერილობით არ ფიქსირდება, სააგენტოს მითითებდინდავე გამომდინარე. განვმარტავთ, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს აბსოლუტურ თავისუფლებას. გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს შერჩეული ღონისძიების პროპორციულობა და თანაზომიერება, საქმის გარემოებები, რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო.

სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, გაურკვეველი რჩება:

რატომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად სააგენტომ საკითხის განსახილველად მთავრობისთვის წარდგენა;

თუ სააგენტო მხედველობაში იღებს თავის გამოგზავნილ წერილებს დავალიანებებზე, რატომ არ ითვალისწინებს ხელმძღვანელი პირების მიერ გაცემულ დაპირებებს და იმ გარემოებებს, რომ თავად სააგენტოს მოთხოვნით იყო კომპანია გაჩერებული და წერილობით ჩვენი საპასუხო პოზიციები არ ჩანს;

რატომ არის აუცილებელი ასეთი უკიდურესი ღონისძიებების გამოყენება, როდესაც ნაკლებად შემზღუდველი კონკრეტული ღონისძიების გამოყენების თაობაზე არავითარი გადაწყვეტილება არ არსებობს. არ არსებოს თუნდაც ერთი კონკრეტული შეთანხმება, რომელიც დამატებით ვადას დააწესებდა, თანხას გარკვეულ პერიოდზე გადაანაწილებდა და ასე შემდეგ.

ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადანაწილებით უგულებელყოფილია ერთ-ერთი ფუძემებლური პრინციპი - თანაზომიერების პრინციპი. იგი გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიდან, რომლის თანახმადაც “ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე რომელიმე მხარის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვისთვის გარდაუვალი საშუალებაა.” ამიტომ სააგენტომ კარგად უნდა იმსჯელოს იმ მიზნის შესახებ, რომლისთვისაც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, შეარჩიოს შესაფერისი საშუალება და დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი შერჩეული ღონისძიება. განვმარტავთ, რომ ღონისძიება მაშინ არის აუცილებელი, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა საშუალება არ აქვს, რომელიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც საჯარო ინტერესს, ისე, ღონისძიების ადრესატს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

მხედველობაში არ არის მიღებული და შეფასებული ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო, რომლის მონაწილეობით დადებულ ხელშეკრულებაში ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. იგნორირებულია კეთილსინდისიერების არის, რომლის შესახებაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, “ნებისმიერ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც ამ მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის…. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისიპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.” (საქმე 1338-1376-2014).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველ რიგში ვითხოვთ საკითხისადმი პასუხისმგებლობით დამოკიდებულებას, რისი დეფიციტიც წლების განმავლობაში არსებობს ამ საქმის ირგვლივ. საჯარო მოხელეთა კორპუსში პასუხისმგებლობის ასეთი დეფიციტი უმძიმეს შედეგებს იწვევს საზოგადოებისთვის, რამდანადაც უფლებების უხეში შელახვის მიზეზი ხდება. ასევე ვითხოვთ:

საქმისადმი სწორ დამოკიდებულებას;
საქმის გარემოებების სრულფასოვნად, ობიექტურად, მიუკერძოებლად შეფასებას;
ბალანსის დაცვას გადაწყცეტილების ნეგატიურ შედეგსა და მიზანს შორის, რომლის მისაღწევადაც ეს გადაწყვეტილება გამოიცა.

ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება მხოლოდ მას შემდეგ უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ყველა სხვა საშუალება ამოიწურება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი სახელმწიფოს გადაწყვეტილება მართალი და კანონიერი იყოს საჯარო ინტერესთანაც და ჩვენ კომპანიასთან მიმართებითაც. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთხელ გადახედავთ მიღებულ გადაწყცეტილებას და უკიდურესი ღონისძიების გამოყენებამდე, რაიმე ტიპის კონკრეტული შეთანხმების გაფორმების საშუალებით, ხელს შეგვიწყობთ აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, განახორციელოთ შესაბამისი ღონისძიებები და გაგვათავისუფლოთ დაკისრებული თუ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან;

მართვის საზღაური 250,020 ლარიდან შეგვიმციროთ 100,000 ლარამდე;

არსებულ დავალიანებაზე მოგვცეთ ახალი გრაფიკი და გაგვინაწილოთ 9 წელზე;

100 ადგილობრივი და ხუთი საერთაშორისო ღონისიების ნაცვლად დაგვეკისროს 60 ადგილობრივი და ხუთი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ვალდებულება.

და ბოლოს, გაცნობებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენეთ, რათა თანხების მოზიდვის მაქსიმალური საშუალება უზრუნველგვეყო. თანხების მიღება დაიწყება 2019 წლიდან, რაც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ დავალიანების დაფარვა. ხოლო თუ ახალი გონივრული გრაფიკით კვლავ ვერ შევძლებთ ვალდებულების შესრულებას, ამის შემდეგ, ხელშეკრულების შეწყვეტა სამართლიანი იქნება და ჩვენც ასეთად მივიჩნევთ. დღეის მდგომარეობით კი ეს გაუმართლებელ, უკანონო ღონისძიებად მიგვაჩნია. იგი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. დასაბუთების გარეშე ადმინისტრაციული ორგანო ვეღარ იბოჭება სამართლით და სცდება თვითკონტროლის ფარგლებს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით “კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყცეტილების იურიდუულ შედეგს და არა პირიქით.

წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა და დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი. სამართლებრივი უზრუნველყოფის განცდა, ხოლო ასეთ პირობები, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლბელო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშნია.”

ბატონო გიორგი, იმედი გვაქვს გულდასმით შეისწავლით მოცემულ საქმეს. ამასთან, კარგი იქნება თუ შეხვედრაც მოხერხდება და პირდად მოგაწვდით ყველა ინფორმაციას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება საკითხის გადახედვა, მივმართავთ უფლების დაცვის სათანადო საშუალებებს.

პატივისცემით,

შპს “ინტერნეიშენალ ივენთსის”
დირექტორი ნინო ჭანკოტაძე”