მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ მოსმენების კანონთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა არ გაიზიარა

58d2a3614ec93
BM.GE
22.03.17 20:14
1347
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ'' მხარი არ დაუჭირა 86 დეპუტატმა და შესაბამისად, პარლამენტმა ვეტო დაძლია და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თანმდევ 16 კანონთან დაკავშირებითაც.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.

ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტზე, რომელიც 16 კანონს მოიცავს, ძირითად ორ საკითხს ეხება - ეს არის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობის საკითხი და ის რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა სხდომაზე აღნიშნა, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და მისი ხელმძღვანელი უნდა დანიშნოს და გაათავისუფლოს პრემიერმინისტრმა და მანვე განახორციელოს ამ სააგენტოს კონტროლი და აიღოს პასუხისმგებლობა.

"ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლომ და სისტემა, რომლითაც სააგენტო პირდაპირ დაექვემდებარება პრემიერმინისტრს", - აღნიშნა ანა დოლიძემ და დეპუტატებს შეახსენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ანა დოლიძის განცხადებით, ვეტოში გამოთქმული მეორე ძირითადი შენიშვნა ეხეება სატელეკომუნიკაციო კომაპნიებისათვის გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების საკითხს.

ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს კანონში ჩაიწეროს სატელეკომუნიკაციო კომპანიებისათვის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, დაკმაყოფილდება სახელმწიფო ინტერესი და მიღწეული იქნება უსაფრთხოების მიზანი, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი კომპანიების ფინანსური სტაბილურობა; მათი საქმიანობა იქნება პროგნოზირებადი, რაც უდაოდ წაადგება ამ სფეროს შემდგომ განვითარებას.

„პირველ რიგში, ვიდრე მე თავად გადმოვცემდი ჩემი სიტყვებით იმ წნეხს, რომელსაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი ელოდება ამ კანონის მიღებიდან, გაგაცნობთ პოზიციას მათ მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული წერილებიდან;

კომპანია "სილქნეტი" აღნიშნავს, რომ კომპანიებს, მათ შორის სააქციო საზოგადოება „სილქნეტს“ უჩნდება ისეთი ახალი ქონებრივი, მძიმე ფინანსური და ტექნიკური ხასიათის ვალდებულებები, რაც არსებით გავლენას ახდენს მის საქმიანობასა და ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმაზე. მნიშვნელოვნად ზღუდავს კომპანიის საკუთრების უფლებასა და სამეწარმეო თავისუფლებას; არაპროგნოზირებადს ხდის დარგის ბიზნესგარემოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წერილია მცირე და საშუალო კომპანიებისგან, რომლებიც საქმიანობენ რეგიონებში და ასაქმებენ ასობით ადამიანს; ეს არის მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების განცხადება- „დაუკონკრეტებელი ვალდებულებები და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსათვის მინიჭებული ფართო დისკრეცია ზრდის ტექნიკურ და ფინანსურ რისკებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეებისათვის და არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას და არსებულ მოცემულობებს", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდა დაწვრილებით გაეცნონ ამ წერილებს, რადგან მათში დაწვრილებითაა მოყვანილი პრობლემები და არგუმენტები თუ რა ახალი და არაპროგნოზირებადი ვალდებულებები წარმოეშვებათ კომპანიებს ამ კანონის მიღებით.

მისი განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დაიცვას, განავითაროს მეწარმეობა და ხელი შეუწყოს კონკურენციას. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს განმარტებული, რომ მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის თავისუფლების აღიარებას. მნიშვნელოვანია, მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები.

როგორც დოლიძემ პლენარულ სხდომაზე ვეტოს წარდგენისას განაცხადა, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისთვის.

"სახელწმიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა, სუბიექტს სამოქალაქო, კომერციული ბრუნვის მიღმა კი არ დატოვებს, არამედ გაუძლიერებს მას ბრუნვაში ჩართულობის ინტერესს. კანონით წარმოდგენილი ვალდებულებები, ეს არის, ერთი მხრივ, ვალდებულება, რომ საკომუნიკაციო კომპანიებმა უზრუნველყონ იმ ტიპის აღჭურვილობა, რომელიც სჭირდება სააგენტოს, მეორე მხრივ, ვალდებულება, რომ კომპანიებმა უზრუნველყონ სააგენტოს მიერ მათი ინფრასტრუქტურის გამოყენება წარმოშობს ძალიან მრავალ და არაპროგნოზირებად ხარჯებს კომპანიებისათვის.

შესაბამისად, იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი კომპანიების სტაბილური საქმიანობა, იყოს დაცული სახლემწიფოს ვალდებულება, რომ შეუწყოს ხელი მეწარმეობას და კონკურენციას, ჩვენ გთავაზობთ, რომ სახელმწიფომ, კონკრეტულად სააგენტომ, სამართლიანი ანაზრაურებით განახორციელოს საკუთარი მიზნები.

ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვისათვის მიზანი და საშუალება, რომ სახლემწიფომ ხშირად გამოიყენოს კომპანიების საკუთრება გამართლებულია, თუმცა გაუმართლებელია და არათანაზომიერია, როგორ გააკეთებს ამას სახლემწიფო. შედეგები საკმაოდ სავალალო შეიძლება იყოს. განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის, რაც ნამდვილად არ იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის სახარბიელო", - განაცხადა ანა დოლიძემ პლენარულ სხდომაზე.