მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ქართულ ჩაიზე მოთხოვნა იზრდება

5bebc32268995
მაია ბიწაძე
14.11.18 10:39
2260
ქართულ ჩაიზე ევროპულ ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, ამის შესახებ Bm.ge-ს პროგრამის ,,ქართული ჩაი“ მენეჯერმა ლევან უროტაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ეს ტრენდი მზარდია და ქართველ მწარმოებლებს, რომლებიც ნორმალური ხარისხის პროდუქციას ამზადებენ, ევროპაში რეალიზაციის პრობლემა არ ექმნებათ. ძირითადად იქ დასაფასოებელი ჩაი იყიდება.

„ ამ ეტაპზე არცერთ ჩვენს ბენეფიციარს, რომელსაც უკვე აქვს ჩაის წარმოების გამოცდილება, რეალიზაციის პრობლემა არ ექმნება, რადგან ევროპულ ბაზარზე ნორმალური ხარისხის ჩაიზე მოთხოვნა მაღალია. ჩვენს ბენეფიციარებს და საშუალო დონის ბიზნესს ექსპორტზე ძირითადად დაუფასოებელი ჩაი გააქვთ, რადგან დაბრენდვას და შეფუთვას დიდი მარკეტინგული ხარჯი სჭირდება“ - განაცხადა ლევან უროტაძემ.

მისივე განმარტებით, პროგრამას ,,ქართულ ჩაი“ ბოლო მონაცემებით 32 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 1000 ჰექტრამდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას ახორციელებენ, აღნიშნული ფართის 80%-იც უკვე აღდგენილია.

,, პროგრამა ,,ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება, მასში ჩართულია ყველა ის რეგიონი რომელზეც ოდითგანვე მოდიოდა ჩაის კულტურა, ეს არის ზემო იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა, თუმცა სამწუხაროდ აჭარიდან არცერთი წინადადება არ შემოსულა.

პროგრამაში დღეის მდგომარეობით 32 უნიკალური ბენეფიციარია ჩართული და მათთან ჯამში 42 ხელშეკრულება გვაქვს თანადაფინანსებაზე გაფორმებული. ჩაის პლანტაციების ფართი, რაც პროგრამის ფარგლებში უნდა აღდგეს 1000 ჰექტრამდეა, მისი 80 % უკვე აღდგენილია, დანარჩენზე კი სამუშაოები გრძელდება. 2,4 მილიონი ლარია სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, საიდანაც 1,650 მილიონი ლარის დაფინანსებას პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. აქედან უკვე გაცემულია 1,5 მილიონი ლარი, დანარჩენს კი ბენეფიციარები სამუშაოების დასრულებისთანავე მიიღებენ“ - განაცხადა ლევან უროტაძემ.

მისი განმარტებით, პროექტი წარმატებულად ხორციელდება და რამდენიმე კომპანია უკვე იწყებს ჩაის სატესტო წარმოებას. დაახლოებით ერთ წელში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 32 ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება.

,, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სრული ციკლისთვის მინიმუმ 2 წელია საჭირო, მაგრამ მეორე წელს პლანტაციები არაკომერციულ, მაგრამ გარკვეული რაოდენობის მოსავალს უკვე იძლევა, შესაბამისად რამდენიმე ბენეფიციარმა სატესტო ჩაი უკვე გამოუშვა და ცდილობს მის ექსპორტს.

ყველა ბენეფიციარის ვალდებულებაა, რომ გადამამუშავებელი საწარმო მოაწყოს. კოოპერატვებს პროექტების მართვის სააგენტო ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო ყველა მანქანა-დანადგარს უსასყიდლოდ გადასცემს, ხოლო იურიდიული პირები ამ ვალდებულებას თავისით ასრულებენ. ერთ წელში უკვე იწყება ის პერიოდი, როდესაც ყველა კომპანია ვალდებული იქნება, რომ საწარმო შექმნას და სახეზე გვექნება მინიმუმ 32 ახალი ჩაის გადამამუშავებელი კომპანია, რომლებიც ხარისხიანი ჩაის წარმოებაზე იქნებიან ორიენტირებული“ - აცხადებს ლევან უროტაძე.

როგორც ,,ქართული ჩაის“ მენეჯერი აღნიშნავს, ძირითადი პრობლემა, რასაც პროგრამის ბენეფიციარები აწყდებიან, მუშა-ხელის დეფიციტია.

,, ძირითადი პრობლემები, რაც ჩაის მწარმოებლებს ექმნებათ, არის ის, რომ ეს ჩაის პლანტაციები პრაქტიკულად ბოლო 25-30 წელია მიტოვებული იყო და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალიან ძნელია. ასევე იყო პრობლემები მის შემოღობვასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რეგიონებში მუშა-ხელის არარსებობაა. ჩვენ გვყავს ჩინელი და ესტონელი ბენეფიციარები და მათ ძალიან გაუჭირდათ მუშა-ხელის მოძიებაა. მაგალითად, გურიაში ძირითადი ახალგაზრდობა თურქეთშია გადასული ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ. ჩვენ გვითხრეს ბენეფიციარებმა, რომ რამოდენიმე ადამიანის ჩამოყვანა მოახერხეს, მას შემდეგ, რაც აუხსნეს რომ აქაც იგივე თანხის გამომუშავება შეუძლიათ, რაც თურქეთში. ვფიქრობთ, რომ ერთ-ორ წელიწადში, როდესაც ხალხი დაინახავს, რომ აქაც შიძლება იგივე კულტურაზე მუშაობით იგივე თანის შოვნა, ისინი საქართველოში დაბრუნდებიან“ - აღნიშნავს ლევან უროტაძე.