მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეთანხმება თუ არა ირაკლი კოვზანაძე მამუკა ბახტაძეს ბანკების შეფასებაში

5ae07e3abe3cf
თელარა გელანტია
25.04.18 17:25
1238
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, „ფისკალურ მიმართულებასთან ერთად საბანკო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია“.

ასე უპასუხა კოვზანაძემ BM.ge-ის კითხვას - „საბანკო სექტორი ეკონომიკის მუხრუჭია თუ მამოძრავებელი ძალა“.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საბანკო სექტორი არ უნდა იყოს ეკონომიკის მუხრუჭი. მისივე აზრით, ბანკები ეკონომიკის მამოძრავებელ ფუნქციას არ ასრულებენ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბანკებთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას კონკრეტული რიცხვები მოიშველია.

„მხოლოდ ციფრებით ვისაუბრებ. საქართველოს საბანკო სისტემასთან დაკავშირებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ ქართული საბანკო სისტემის სააქციო კაპიტალი გახლავთ 4.6 მლრდ ლარი, რომლის 90% უცხოური კაპიტალია; ქართულ საბანკო სექტორს ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული აქვს დაახლოებით, 21 მლრდ ლარის სესხი. ეს სესხები გაცემულია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე - სოფლის მეურნეობაზე, მშენებლობაზე, ტურიზმზე და ა.შ. ესაა ქვეყნის მშპ-ის თითქმის ნახევარზე მეტი. პრაქტიკულად, დაფინანსებულია ყველა სექტორი და ასობით ათასი სამუშაო ადგილია შექმნილი. უშუალოდ საბანკო სექტოში 22-ან 23 ათასამდე ადამიანი მუშაობს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. მე მხოლოდ ციფრებით ვსაუბრობ. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის მისიაც რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა საქართველოში და ასევე, მსოფლიო ბანკიც აღიარებენ, რომ ქართული საბანკო პოსტსაბჭოთა სივრცეში საფინანსო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მდგარდი და წარმატებული ნაწილია, ამიტომ ეს ყველაფერზე მეტყველებს. მე ვფიქრობ, რომ ფისკალურ მიმართულებასთან ერთად საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში, რისი მიღწევაც შევძელით.“, - განაცხადა კოვზანაძემ.