მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7%-ზე დატოვა

5c10dbd56212f
თელარა გელანტია
12.12.18 13:56
764
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.00 პროცენტს შეადგენს.

"2018 წლის დასაწყისში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, ძირითადად, მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ქვემოთ ნარჩუნდება. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

მიმდინარე წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი დაიწყო. როგორც წინა სხდომებზე გაცხადდა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ეს პროცესი ნელი იქნება, რაც რეგიონში არსებული რისკების ინფლაციაზე შესაძლო გადმოცემას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკები შემცირდა, ინფლაციის პროგნოზზე მოქმედი გაურკვევლობა კვლავ სახეზეა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების სიჩქარე დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო, მეორე მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები.

საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციები გრძელდება. საქონლის ექსპორტის წლიურმა ზრდამ მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში 25 პროცენტი შეადგინა, ხოლო ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 20 პროცენტით გაიზარდა. დადებითი დინამიკა ნარჩუნდება ფულადი გზავნილების შემოდინებებშიც (წლიური ზრდა 16 პროცენტი). ასევე მაღალია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპიც, რაც მოთხოვნის გაძლიერებას განაპირობებს. წინასწარი შეფასების ინდიკატორები ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - აცხადებენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 30 იანვარს გაიმართება.