მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

59ca4dcc4babf
BM.GE
26.09.17 16:52
1582
ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს. სებ-ის ცნობით, ინტერნეტ სივრცეში - http://ubani.ge/ გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზეც დატანილია მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

„შეგახსენებთ რომ:

1.ეროვნული ბანკის, ან რომელიმე სხვა უწყების მიერ, არ ხდება ფასიანი ქაღალდის სერტიფიცირება, ან რამე სხვა ფორმით მისი ხარისხის შეფასება;
2.ეროვნული ბანკი ახდენს მხოლოდ პროსპექტის ფორმის შესაბამისობაში მოყვანას კანონის მოთხოვნასთან და არ არის პასუხისმგებელი მის შინაარსზე; ამასვე მიუთითებს კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: "საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის, ან აქ აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ"
3.ეროვნული ბანკის მიერ არ ხდება ემიტენტისათვის რაიმე რისკის დაზღვევა, ან ნომინალის განსაზღვრა;
4.ზემოაღნიშნულ განცხადებაში მითითებული ფასიანი ქაღალდი, ემისიის პროსპექტის თანახმად, წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ ვალდებულებას.

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ემიტენტი ვალდებულია პოტენციურ ინვესტორს წარუდგინოს დამტკიცებული ემისიის საბოლოო პროსპექტი და არა სხვა დოკუმენტი. გარდა ამისა, "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ფასიანი ქაღალდების შესახებ რეკლამის გავრცელებისას დაუშვებელია ემისიის პროსპექტში აღნიშნულის გარდა რაიმე სხვა ინფორმაციის გავრცელება;

ხარვეზების გამოსწორებისა და ინვესტორთა ინფორმირების მიზნით, ეროვნული ბანკი იმოქმედებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე. გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.