მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს

59e5b68fe46ac
თელარა გელანტია
17.10.17 11:49
1345
საქართველოს ეროვნულ ბანკის შეფასებით, 2018 წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის. ამის შესახებ “საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ცენტრალური ბანკის დასკვნაშია ნათქვამი.

"2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, წინა წლის გეგმასთან შედარებით 60 მილიონი ლარით იზრდება და 1,374 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2018 წელს მშპ–ს საპროგნოზო ოდენობის 3.7%-ზე არის დაგეგმილი. მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სასურველია საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნება 3%-ზე დაბლა. წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას 2021 წლისთვის 2.7%-მდე. აქედან გამომდინარე, იმ დაშვებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი უბრუნდება მდგრად დონეს, 2018 წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ინფლაციის რისკებს არ ქმნის", - ნათქვამია დასკვნაში.

ეროვნული ბანკის დასკვნაში ყურადღება ვალდებულებების ზრდაზეა გამახვილებული.

"ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო კვლავ ვალდებულებების ზრდაა. პროექტით გათვალისწინებულია სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით 400 მლნ ლარის მობილიზება, წინა წლის გეგმის მსგავსად. ეროვნული ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვების ზრდას, რამდენადაც სახაზინო ვალდებულებებით დეფიციტის დაფინანსება ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის სავალუტო რისკის შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას", - წერია დასკვნაში.

დოკუმენტში, რომელსაც ხელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აწერს, ასევე აღნიშნულია, რომ „მნიშვნელოვანია, საშუალოვადიან პერიოდში გაგრძელდეს ქვეყნის ბიუჯეტის პარამეტრების შესაბამისობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამით შეთანხმებულ ფისკალურ მაჩვენებლებთან".