მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურზე ტურისტული ზონის მოსაწყობას საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება

59746130d0ce0
BM.GE
23.07.17 13:00
1384
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ზონა მოეწყობა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ენერგეტიკის სამინისტროს, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ესტონელი კონსულტანტების მიერ ერთობლივად შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში შპს ’’ენგურის ტურისტულმა ცენტრმა’’ ზონის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე (280 მ) და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას, - თემის დეტალებით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე საუბრობს.

-ბატონო ბექა, ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ზონის მოწყობის დეტალები როგორია?

-ენგური ზოგადად ის ობიექტია, რომელსაც ყველა ჩვენგანმა ჯეროვანი პატივი უნდა მივაგოთ. ვფიქრობ, რომ გენიალური არასდროს დაკარგავს თავის აქტუალობას და ზუსტად ეს კონკრეტული შემთხვევაა ის, რასთანაც ახლა საქმე გვაქვს. ენგურმა დაახლოებით 40 წლის განმავლობაში თავისი ფუნქცია შეასრულა, დაახლოებით 60 მილიარდი კილოვატ/საათი მიაწოდა ქვეყანას. ეს ქვეყნის ენერგეტიკული გულია და დღეს იგი თავის ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს უკვე ტურისტული მიმართულების განვითარებით. ამის ხელიდან გაშვება კი რასაკვირველია არ შეიძლება. პროექტის იდეა მას შემდეგ წამოვიდა, რაც ენგურს ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მივანიჭეთ. ამან იმპულსი მისცა იდეის დაბადებას და შემდეგ უკვე გამრავალფეროვნებას, რომელიც პროექტად, კონცეფციად იქცა და სტრატეგიის განვითარების გზაც გამოიკვეთა.

-კომპანიას, რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს, რისი შეცვლის შესაძლებლობას უტოვებთ?

-საქმე ის არის, რომ ეს ერთი წელი აღებული გვაქვს ისე, რომ პარალელურად პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს და ამასთანავე საინვესტიციო წრეებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ინტერესი საკმაოდ დიდია. ჯერ გამოკვეთილად ცნობილი არ არის პროექტი რა გზით განვითარდება, ლოტებად დაიყოფა და რამდენიმე საინვესტიციო ჯგუფი შემოვა თუ როგორ იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ამ პროექტში სახელმწიფო ინვესტიციების კუთხით თანამონაწილეობის გზით შემოვიდეს. სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი მუშაობა პროექტის განვითარების ერთ-ერთი გზაა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ პროექტს პოტენცია იმდენად დიდი აქვს, გამორიცხულია მას შესაბამისი და საკმაოდ მაღალკვალიფიციური საინვესტიციო წრეები არ გამოეხმაურონ. ამას თავად ტურისტული კომპანიების მხრიდან დაინტერესების დიდი მასშტაბი მოწმობს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის მასშტაბით ასეთი დონის ტურისტული ცენტრი, ნამდვილად არ არსებობს. 3-5 წლის შემდეგ აღნიშნული პროექტი ხორცშესხმას დაიწყებს და ჩვენი მოძიების შედეგად მისი ანალოგი მსოფლიოში ჯერჯერობით არ ჩანს. თუ არ ჩავთვლით ჰუვერის დამბას, რომელიც მულტიდისციპლინარული ატრაქციების კომპონენტების ასეთი მრავალფეროვნებით ნამდვილად არ გამოირჩევა. ჩვენ აშშ-ის მხარიდანაც გვაქვს ერთგვარი შემოთავაზებები. ჩვენი დელეგაცია შშ-ში არა ერთხელ ჩასულა. ცხადია, მათგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, თუმცა ჰუვერის დამბაზე არსებულ ატრაქციას აღმოჩენათა და შემეცნებითი ცენტრი ნამდვილად არ გააჩნია, რაც ხელშესახები კომპონენტია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ენგურს, როგორც ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობას არ იცნობენ. ერთწლიანი პროექტირების შემდეგ საქმე უკვე საერთაშორისო ტენდერებთან გვექნება.

-ინფრასტრუქტურული სამუშაოები რა მოცულობის იქნება?

-ჯერჯერობით 50 მილიონი ლარის საინვესტიციო დაბანდებაზეა საუბარი. საკმაოდ კარგი კონსულტანტ-ჯგუფები გვყავდა მოწვეული, რომლებსაც ოცწლიანი გამოცდილება აქვთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში. როდესაც 50 მილიონზე ვსაუბრობთ, ციფრი შეიძლება შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ არც ისეთი მოცულობითია, როგორც ასეთ მასშტაბურ პროექტებს თან სდევს. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ენგურჰესის დამსახურებაა. ინფრასტრუქტურა გარკვეულწილად უკვე ინტეგრირებულია, რომ ტურისტული ზონა მასთან დამაგრებული იყოს. ამის პარალელურად, ძალიან დიდი ეფექტს მივიღებთ შემოსავლების კუთხით, თუ კი პროექტი მართლაც შეიძენს რეგიონალური ტურისტული ჰაბის ფუნქციას და დატვირთვას. სასტუმროების საკითხში ჩვენ არ შევდივართ, ეს უკვე კერძო სექტორის გასავითარებელი მიმართულებაა. სიახლეს გეტყვით, რომელიც ასევე დასაფასებელი და ყურადსაღებია, ეს ეხება ახლო მდებარე დევნილთა ჩასახლების კომპაქტურ ადგილს, სადაც მათი აქტივები დღითიდღე იზრდება. სწორედ ისინი არიან ამ სიკეთეების პირველი რიგის პოტენციური ბენეფიციარები და ისინი, ვინც აღნიშნულ პროექტში დასაქმდებიან. ჯერჯერობით ტენდერით ის კომპანია გამოიკვეთა, რომელიც პროექტირების სამუშაოებს განახორციელებს, ხოლო მომავალი ზაფხულისთვის ჩვენ უკვე საერთაშორისო ტენდერების გამოსაცხადებლად ვიქნებით მზად და უშუალოდ სამშენებლო ოპერატორ კომპანიებს მოვიძიებთ პროექტს დასაწყებად.