მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენგურჰესი" რეაბილიტაციისთვის 2020 წელს გაჩერდება

5b76e5fec496d
დათო ჯალაღონია
18.08.18 09:55
1640
„ენგურჰესის" გვირაბის სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2020 წლისთვის გადაიდო და შესაბამისად, ობიექტი ექსპლოატაციას სამი თვით, 2020 წლის მარტში, აპრილსა და მაისში შეწყვეტს.

როგორც bm.ge-ის "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განუცხადა, ჰესის გაჩერება მისი გვირაბის სამუშაოების პროექტის დაზუსტების მიზნით გადაიდო.

მისივე თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია ჰესის ხელმძღვანელებს გერმანელმა კონსულტანტებმა მისცეს, რომლებიც ობიექტის მდგომარეობის გასაცნობად ადგილზე გასულ თვეს იმყოფებოდნენ.

"ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ვერ ესწრება პროექტი. საჭიროა, მოწყობილობების შეძენა, ამიტომ არ გავრისკეთ და ჰესის გაჩერება 2020 წელს გადავდეთ", - განმარტა ლევან მებონიამ.

კითხვაზე - რატომ ვერ ესწრება სამუშაოების დაგეგმვა მაშინ, როცა "ენგურჰესის" გვირაბის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა და ობიექტის ხელმძღვანელობა ამისთვის ემზადებოდა, მებონიამ პასუხად განაცხადა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან თანხის მიღების გაჭიანურებაა.

"EBRD-დან თანხა დროულად ვერ მივიღეთ. ასევე იყო სხვადასხვა მიზეზები", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ჰესის გვირაბის რეაბილიტაციის ბიუჯეტს, ის საერთო ჯამში, 35 მლნ ევროს შეადგენს, საიდანაც 28 მლნ ევრო EBRD-ს სესხია, 7 მლნ კი - ევროკომისიის გრანტი.

შეგახსენებთ, რომ "ენგურჰესის" გვირაბის რეაბილიტაცია ორჯერ გადაიდო. თავდაპირველად სამუშაოები - 2018 წელს, შემდეგ კი 2019 წელს იყო დაგეგმილი.

ცნობისთვის, "ენგურჰესი" საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის დაახლოებით, 30%-ს შეადგენს.