25.მარტი.2016 19:44
ეკონომიკა

ეფრემ ურუმაშვილი: მოგების გადასახადის რეფორმა ბევრ ხარვეზს შეიცავს

ეფრემ ურუმაშვილი: მოგების გადასახადის რეფორმა ბევრ ხარვეზს შეიცავს
მოგების გადასახადის რეფორმასა და მის მოსალოდნელ შედეგებზე "ბიზნესკონტაქტთან" იურიდიული კომპანია "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" პარტნიორი, ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი საუბრობს.
 
- ბატონო ეფრემ, თქვენ ყველაზე თავშეკავებული იყავით, როდესაც ყველა აღნიშნულ 4 პუნქტიან გეგმას, როგორც რევოლუციურ გადაწყვეტილებას ისე აფასებდა. ეს გადაწყვეტილება რამდენად დროული იყო და მთავრობამ რატომ შეცვალა და გადაავადა მოგების გადასახადის რეფორმა?

- ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, ძალიან კარგია, მაგრამ ვთვლი, რომ არის დაგვიანებული. უმჯობესი იყო, რომ მთავრობას ამაზე საუბარი წლის დასაწყისიდან დაეწყო და ამ წელს უკვე შედეგები სახეზე გვქონოდა. ძალიან კარგია, მაგრამ მეტნაკლებად დაგვიანებულია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლებოდა ეს მიდგომა და მოგების გადასახადის რეფორმა, რაზეც ჩვენ საუბარი 2 წლის წინ სხვადასხვა ასოციაციების მეშვეობით დავიწყეთ, რეალიზებაში უკვე წლის დასაწყისში სრულყოფილი ფორმით მოსულიყო, რაც მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახებოდა.

- თქვენ ბიზნეს საზოგადოების იმ დიდი ნაწილის არგუმენტებს ადასტურებთ, რომ ფისკალური წელიწადი და დაგეგმვა ამ საკითხში, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია?

- რა თქმა უნდა, ყველა მსხვილი ინვესტორი და ასევე ყველა მსხვილი ბიზნესი რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, თავისი საქმიანობის დაგეგმვას 1 წლით ადრე ახორციელებს და დამერწმუნეთ, მათ პერიოდულად არ უნდა ვაწიოთ ახალი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც მათ მდგომარეობას გააუარესებს ან გააუმჯობესებს. სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, სისტემური მიდგომა უნდა ჰქონდეს და ეს სისტემურობა იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ბიზნესმენმა უნდა იცოდეს წლის დასაწყისიდან რა რეალობაში იღვიძებს და იწყებს ბიზნესის კეთებას. თუმცაღა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის რეფორმა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ტარდება მისასალმებელია, ბიზნესს ფრიად წაადგება და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

- რა მოლოდინები აქვთ ინვესტორებს და როგორ აფასებენ რეფორმის მომავალი წლიდან განხორციელებას?

- ყველა იმ ინვესტორს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია ჩამოსული და ბიზნესს აკეთებს, უკვე გარკვეული პრაქტიკა აქვთ ურთიერთობის, როგორც სახელმწიფოსთან, ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორთან. მათ გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ და უკვე გარკვეული ინვესტიციები აქვთ განხორციელებული.

რეფორმა, რომელიც მოგების გადასახადის კუთხით ხორციელდება, ხარვეზებს შეიცავს. მოცემულ ხარვეზებზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან საუბარი გვქონდა და ის ხარვეზები, რომელსაც მოგების გადასახადის რეფორმა შეიცავს აუცილებლად გამოსასწორებელია. მაგალითისთვის ვიტყვი რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რაც მოგების გადასახადის რეფორმას ახლავს, როგორც სერიოზული ხარვეზი. პირველი - კომპანიის მიერ მიღებული ზარალის შემდგომ პერიოდში გამოქვითვის არქონაა, რაც მუდმივი პრობლემაა.  

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის არგუმენტი, რომ რეფორმის გადასავადებლად შემოსავლები დასახელდა?

- ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო, მაგრამ ძირითადი არგუმენტი, რაც მე მოვისმინე იყო ბიზნეს ასოციაციების მხრიდან გაჟღერებული, რომ ის წელი, რომელიც ბიზნესმა დაიწყო უნდათ დახურონ იმ ფორმატში, რა ფორმატშიც დაიწყეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რეფორმა გასულ წელს უფრო ადრე რომ დაწყებულიყო, წელს ჩენ უკვე ამ რეფორმის სარგებლობის საშუალება გვექნებოდა.

- კიდევ რომელ შენიშვნას გამოყოფდით და რამდენად ითვალისწინებენ საუბრისას ბიზნესის კომენტარებს?

- კიდევ ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც მოგების გადასახადის რეფორმა შეიცავს. დღევანდელი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თუ ქართული კომპანია უცხოური კომპანიის დამფუძნებელს წარმოადგენს და იგი დივიდენდს უცხოეთიდან იღებს, ეს დივიდენდი მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია. ეს არის სქემა, რომლის მიხედვითაც უცხოური ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ქვეყანაში თავისუფალი საინვესტიციო ფულის შემოტანა ხდება. დღევანდელ რეალობაში, საბოლოო ჯამში ამ ფულით სარგებლობა ქვეყანას 5 პროცენტი უჯდება, ანუ როდესაც ქართული კომპანიის დამფუძნებელი უცხოური იურიდიული ან ფიზიკური პირი ამ ფულის განაღდებას მოახდენს. დღევანდელი რეფორმის მიხედვით, ეს ნაწილი გაუქმებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში იაფი ფულის მოზიდვის ერთი დამატებითი ალტერნატიული წყარო გათვალისწინებული არ არის.

შემდეგი პრობლემა არის ის, რომ თვითონ მოცემული მოგების გადასახადის რეფორმაში ცალსახად წერია, რომ ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადები გარდა, საგადასახადო კოდექსით დარიცხული ჯარიმა-საურავებისა, მოგების გადასახადით დაიბეგრება. ეს კი ბიზნესისთვის საკმაოდ რთული ტვირთია იქიდან გამომდინარე, თუ რაიმე ჯარიმა-საურავს დაარიცხავს სახელმწიფო ბიზნესს, იგი ავტომატურად ვალდებული იქნება გადაიხადოს ზემოდან დამატებით 15 პროცენტი, რაც წინა ინფორმაციაში გათვალისწინებული არ იყო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ რეფორმა საგადასახადო ამინისტიის საკმაოდ მცირე ელემენტს ითვალისწინებს, რომელიც მიუთითებს, რომ თუ კომპანიები ან იურიდიული პირები 2010 წლის 31 დეკემბრამდე დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს აღიარებენ და შემდეგი 4 წელი მათ ბიზნეს აქტივობა არ ჰქონიათ, მათ მოცემული ვალდებულება ეპატიებათ, რაც საერთო ჯამში რომ ავიღოთ საკმაოდ მცირეა, დაახლოებით ალბათ 1 პროცენტი ან ნაკლებიც.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნესთან მიმართებაში მოცემული რეფორმა სამართლიანი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ბიზნესის კიდევ ერთი მიმართულება გვაქვს, რომელსაც ეს რეფორმა საკმაოდ მტკივნეულად შეეხო. ეს არის ონლაინ სესხები. ეს პოპულარული თემა არ არის, მაგრამ ლომბარდებისა და საკრედიტო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ონლაინ სესხების ბიზნესს განსაკუთრებული რეჟიმი დაუწესდათ. მათ მიერ გაცემული სესხები თავიდანვე 20 პროცენტით იბეგრება.



18.სექტემბერი.2018 18:00
8

ვიცემერი მიწისქვეშა პარკინგზე: საჭიროა, უფრო მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორთან

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:35
59

აუდიტის განათლების სამინისტროსაგან თანამშრომელთა ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრას მოითხოვს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 15:00
178

"სვეტს", შესაძლოა, სამშენებლო ნებართვები ისევ გაუუქმდეს

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 14:25
516

ბახტაძის მთავრობამ ეკლესიას 68,346 კვ.მ. სათიბი მიწა აჩუქა

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 14:02
42

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია

ვრცლად
18.სექტემბერი.2018 13:49
344

ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გადადგა

ვრცლად