მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან ამაყი ვართ, რომ ლარიზაციის პოლიტიკამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია"

5c701cd84fdd2
თელარა გელანტია
23.02.19 12:01
1548
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას შეფასებით, ლარიზაციის პოლიტიკის შედეგები ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებში საკამოდ მალე აისახება.

ამის შესახებ გაგუამ bm.ge-ის ლარიზაციის პოლიტიკის შეფასებისას განუცხადა.

„ჩვენ ძალიან ამაყი ვართ, რომ ლარიზაციის პოლიტიკამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია; რაღაც ხარვეზებიც დავინახეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია; თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ ვთვლით, რომ ლარიზაციის პოლიტიკის შედეგები საკამოდ მალე აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებში, ასევე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში. ჩვენ დღეს ვართ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს საკრედიტო რისკები გაცილებთ დაბალ დონეზეა, ვიდრე ეს იყო 2 წლის წინ. პირობითად რომ გავზომოთ, საქართველოს მთავრობის ფასიან ქაღალდებში უცხოელების მიერ ინვესტირების ინტერესი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თუმცა რა ხარვეზებზე დაწყდა გული, ნიკოლოზ გაგუას არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ: 2016 წლის მიწურულს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა და მისი განხორციელება დაიწყო. ლარისადმი მაღალი ნდობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრიორიტეტია, თუმცა 10-პუნქტიანმა გეგმამ რეგულირების გზა აირჩია და რიგ საკითხებში მომხმარებელს არჩევანი არ დაუტოვა:
მაგალითად, ეროვნულმა ბანკმა 2019 წლიდან უკვე 200 ათას ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემაც აკრძალა; სავალდებულო გახდა უძრავი ქონების რეალიზაციისას ლარში ფასდადება; მთავრობამ მოსახლეობას უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გალარებისკენაც მოუწოდა, სამაგიეროდ კი ამ სესხების სუბსიდირება დაიწყო.

ახალმა რეგულაციებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო. ლარიზაციის პროგრამის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების დოლარიზაცია 65%-დან 57%-მდე შემცირდა. ეს 2018 წლის დეკემბრის მონაცემებია. რაც შეეხება შინამეურნეობებს ანუ ფიზიკურ პირებს, აქ სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2018 წლის დეკემბრისთვის 54% შეადგინა; ე.წ. ლარიზაციის პოლიტიკის დაწყებამდე კი, შინამეურნეობების 45%-ს ჰქონდა სესხი ლარში აღებული.