მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოლარის გაძვირების მიზეზები

59e055fc0549e
შოთა დიღმელაშვილი
13.10.17 09:57
1037
ხუთშაბათს დოლარის ფასი გაიზარდა ძირითადი ვალუტების მიმართ. ინვესტორები მესამე კვარტალში მყარ ზრდას ელიან. ეს მოლოდინი გამოწვეულია ინფლაციისა და დასაქმების ანგარიშებით, რომელიც გუშინ გამოვიდა.

შრომის დეპარტამენტმა თქვა, რომ უმუშევრობის შემწეობის მომთხოვნთა რაოდენობამ 15,000 ადამიანით იკლო, ანუ მოლოდინს ორჯერ გადააჭარბა.

იგივე შრომის დეპარტამენტის ცნობით, მწარმოებელთა ფასის ინდექსმაც მოიმატა სექტემბერში. ამან გააქარვა ეჭვი, რომ ინფლაცია ამერიკაში სამიზნე მაჩვენებელს ვერ მიაღწევს, რაც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას შეაფერხებდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდას დეკემბერში ელიან.

დოლარის მოძლიერებას ხელი შეუწყო ევროს შესუსტებამ, რაც პოლიტიკური გაურკვევლობით არის გამოწვეული. ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რაჯოიმ კატალონიის მმართველებს 8 დღე მისცა, რათა მათ უკან დაიხიონ დამოუკიდებლობის საკითხში.

ერთი ევროს ფასი დოლარსა და 18.5-ზე დაბალია. გირვანქა სტერლინგის ფასი დოლარსა და 32.5 ცენტს აჭარბებს. BREXIT-ის გარშემო დიპლომატებმა განაცხადეს, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ნელნელა ჩიხში შედის. ამიტომ, დიდი ვარაუდით, გირვანქა სტერლინგის გაიაფებას უნდა ველოდოთ, თუკი ტერეზა მეის მთავრობამ გამოსავალი ვერ მოძებნა.

რაც შეეხება იაპონურ იენს, იგი ინარჩუნებს პოზიციებს დოლარის მიმართ. 1 დოლარის ფასი 112 იენს სულ ოდნავ აჭარბებს.

კრიპტოვალუტების სამყაროში მნიშვნელოვანი ძვრები იყო. ბიტკოინმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა და მისი ფასი 5300 დოლარს აჭარბებს. ეს 10%-ზე დიდი ზრდაა 24 საათში. წლის დასაწყისიდან კი ზრდა თითქმის 500%-ს უახლოვდება.

სხვა კრიპტოვალუტებს ნახტომი არ გაუმეორებიათ. ეთერიუმი ისევ ადგილზეა, თითქმის არც გაძვირებულა და 303 დოლარი ღირს. რიპლი 3%-ით გაიაფდა კიდეც და მისი ფასი 25.5 ცენტის გარშემო ტრიალებს. ბიტკოინ ქეშიც გაიაფდა, 310 დოლარამდე. სამაგიეროდ ლაიტკოინმა ბიტკოინზე დიდი პროცენტული ზრდა აჩვენა – 11% ერთ დღეში. ახლა ერთი ლაიტკოინი 56.5 დოლარი ღირს.