მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტრიბუტორთა ასოციაცია, თბილისში, მანქანების მოძრაობის გრაფიკის დადგენაზე თანახმაა

5c6d06fb5b65c
თელარა გელანტია
20.02.19 13:00
669
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია დედაქალაქში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების გრაფიკის დაწესების საკითხზე, თბილისის მერიასთან მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაშია.

როგორც BM.GE–ის ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა, კერძო სექტორი მერიის მიერ ახალი სატრანსპორტო სქემის წარმოდგენას ელოდება, რის შემდეგაც სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.

„აქტიურად მიდის მოლაპარაკებები და ამ პროცესში ჩართულები ვართ, რომ გარკვეულ საათებში იყოს შეზღუდვა, რომ ხელი შეეწყოს ქალაქის საცობებისგან განტვირთვას. უბრალოდ, ველოდებით კველვას, რომელიც მერიის მხრიდან ზაფხულში დაიდება“, – განაცხადა ჭყონიამ.

ამ შემთხვევაში საუბარია, თბილისის ახალ სატრანსპორტო სქემასთან დაკავშირებით კომპანია „სისტრას“ კვლევაზე, რაც თბილისის მერიის ინფორმაციით, ზაფხულში მზად იქნება. კითხვაზე – რომელ საათებშია მოსალოდნელი სადისტრიბუციო მანქანებისთვის თბილისში გრაფიკის დაწესება, ივა ჭყონიამ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ეს პიკის საათები იქნება.

მხოლოდ ღამით დისტრიბუციაზე საუბარი არაა. გადაადგილება დღეც და ღამეც შესაძლებელი იქნება. აქ შეიძლება ავიღოთ პირობითად, პიკის საათები: დილის 8-დან 10 საათამდე და საღამოს 5-დან 7 საათამდე, რომ ამ პერიოდში შეზღუდული იყოს დიდბორტიანი ანუ სამტონიანი და უფრო მეტი მასის მქონე მანქანების გადაადგილება“, – განმარტა ივა ჭყონიამ.

ამასთან, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, მერიის მხრიდან ამ ინიციატივის გაჟღერებას უარყოფითად კერძო სექტორი პირველ რიგში იმის გამო შეხვდა, რომ პატარა მაღაზიებს მუშაობა გაუჭირდებოდათ, დღეს კი ვითარება შეიცვალა, რადგან მცირე სავაჭრო ობიექტების გარკვეული ნაწილი მსხვილ სუპერმარკეტებთან კონკურენციაში დამარცხდა და დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვები სწორედ ახალი სატრანსპორტო სქემის საფუძველზე შევა ძალაში, რაც ზაფხულის შემდეგ არის მოსალოდნელი.