მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ დიღომში ხანძრის შედეგად დამწვარი 4 კომპანიიდან მხოლოდ NM Group-ი იყო დაზღვეული

5c8f91ca2835e
ლიკა გურაბანიძე
18.03.19 17:00
2661
დიდ დიღომში ხანძრის შედეგად დამწვარი ოთხი კომპანიიდან მხოლოდ NM Group-ი იყო დაზღვეული.

როგორც სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ bm.ge-ის განუცხადეს, დიღმის მასივში მომხდარი ხანძრის შედეგად ტექნიკის მაღაზია „ტექნო ლუქსთან“ ერთად კიდევ სამი კომპანიის საწყობი დაიწვა, რომელთაგან მხოლოდ ერთი, NM Group-ი იყო დაზღვეული.

„კომპანია NM Group-ს ტექნიკის მარაგები „ჯიპაი ჰოლდინგში“ აქვს დაზღვეული. ჯიპიაის ზარალების რეგულირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდა და ამ დრომდე შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

ექსპერტიზის დასკვნისა და შეფასების დასრულებისთანავე ზარალის დარეგულირების პროცესი დაიწყება. როგორც ცნობილია, არც კომპანია „ტექნო ლუქსის“ და არც დანარჩენი 2 კომპანიის საწყობი დაზღვეული არ ყოფილა,“ - განუცხადეს bm.ge-ის სადაზღვევო კომპანიაში.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ინფორმაციითვე, კომპანია NM group ქონების დაზღვევის პოლისით არის დაზღვეული, რომელიც ხანძართან ერთად, ისეთი შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს, როგორიცაა: სტიქიური მოვლენები, ძარცვა-ყაჩაღობა და ვანდალიზმი.

როგორც სადაზღვევი კომპანიაში აღნიშნავენ, გასული წლების მონაცემებით, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ სადაზღვევო ზარალების ანაზღაურების კუთხით, ჯამში 78 მილიონი ლარი აანაზღაურა. „ჯიპიაის“ მიერ იყო დაზღვეული ასევე გასული წლებში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალებული ელიავას ბაზრობაც, რომლის მოვაჭრეებსაც კომპანიამ ჯამში, 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში გუშინ გვიან ღამე ტექნიკის მაღაზია "ტექნო ლუქსის" საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია;

ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 1 800 კვადრატული მეტრის ფართი.

რაც შეეხება დიდ დიღომში ოთხი დამწვარი საწყობიდან ერთ-ერთ „ტექნო ლუქს“-ს, როგორც bm.ge-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დაჩი დვალიშვილმა განუცხადა, საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული ზარალი 2 მილიონ დოლარს აღემატება.