მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე 5-წევრიანი საბჭო დანიშნავს

58bd4d1275443
თელარა გელანტია
06.03.17 15:43
1594
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსს 5 წლის ვადით თანამდებობაზე სამეთვალყურეო საბჭო დანიშნავს.  აღნიშნულს "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონ-პროექტი ითვალისწინებს, რომლის ავტორი ფინანსთა სამინისტროა.

კანონ-პროექტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო 5 წევრისგან შედგება, რომლის შემადგენლობაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კიდევ ორი დამოუკიდებელი წევრია, რომელსაც კომერციული ბანკები ფარული კენჭისყრით აირჩევენ.

საბჭოს ერთი წლის ვადით და როტაციის პრინციპით ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შესაბამისი თანმიმდევრობით თავმჯდომარეობენ.

ამასთან, კანონ-პროექტის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟისაგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, საგადასახდო კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოგება თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. ასევე, საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან თავისუფლდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი და .ა.შ.

რაც შეეხება სააგენტოს ვალდებულებებს, მან უნდა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შენატანების აკუმულირება ფონდში; განსაზღვროს სპეციალური შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი მოზიდვა; გასცეს ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; განახორციელოს შიდა კონტროლისა და რისკების მენეჯმენტის ფუნქციები და ა.შ.

ცნობისთვის: დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. პირველ ეტაპზე დაზღვეული დეპოზიტების მაქსიმალური ზღვარი 5000 ლარი იქნება.