მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ოთარ ძიძიკაშვილი უხელმძღვანელებს

59ca0b6e87b63
თელარა გელანტია
26.09.17 12:08
5573
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსად საპენსიო რეფორმის სამსახურის ყოფილი უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი დაინიშნა, - აღნიშნული ინფორმაცია „საქმის კურსს“ თავად ძიძიკაშვილმა დაუდასტურა.

"ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება. სწორედ ამიტომ დამაინტრესა ამ მიმართულებამ. თან გარკვეულწილად ამ საკითხთან შეხება მქონდა. ამიტომ როცა კონკურსი გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღე და ამირჩიეს", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.
მისივე თქმით, სააგენტო ახლა ყალიბდება და შემდეგი 6 თვე საკმაოდ შრომატევადი იქნება. სააგენტოში უფროსის ჩათვლის სულ 5 თანამშრომელი იმუშავებს. ამჟამად, სააგენტო დროებით ეროვნული ბანკის შენობაშია იფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. პირველ ეტაპზე დაზღვეული დეპოზიტების მაქსიმალური ზღვარი 5000 ლარი იქნება.

ცნობისთვის: "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსს 5 წლის ვადით თანამდებობაზე 5 წევრისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო დანიშნავს, რომლის შემადგენლობაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კიდევ ორი დამოუკიდებელი წევრია, რომელსაც კომერციული ბანკები ფარული კენჭისყრით აირჩევენ.

საბჭოს ერთი წლის ვადით და როტაციის პრინციპით ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შესაბამისი თანმიმდევრობით თავმჯდომარეობენ.

კანონის თანახმად, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შენატანების აკუმულირება ფონდში;
განსაზღვროს სპეციალური შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი მოზიდვა; გასცეს ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; განახორციელოს შიდა კონტროლისა და რისკების მენეჯმენტის ფუნქციები.