მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაწნული ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელიც პროდუქციას Best Western-ს აწვდის, სერიულ წარმოებას იწყებს

59280433b7604
სალომე მეცხვარიშვილი
26.05.17 18:20
3872
დაწნული ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელიც პროდუქციას Best Western-ს აწვდის, სერიულ წარმოებას იწყებს. "საქმის კურსთან" საუბრისას კომპანიის დირექტორი ნინო შათირიშვილი აცხადებს, რომ ქართული კომპანია არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდს უწევს მომსახურებას.

"ყოფილა შემთხევა, როდესაც ერთ-ერთმა ძალიან ცნობილი სასტუმროს ბრენდმა აჭარაში ჩინურ კომპანიასთან გააუქმა ხელშეკრულება და შეკვეთა ჩვენთან გააკეთა. ახალ გარემონტებულ აღმაშენებელზე 10-დან 9 კაფეს ჩვენი მოწნული ავეჯი აქვს",- აცხადებს ნინო შათირიშვილი.

მისი თქმით, სერიული წარმოება დაახლოებით 2 თვეში დაიწყება, მას შემდეგ, რაც კომპანია თბილისში პირველ ბრენდულ მაღაზიას გახსნის.

ნინო შათირიშვილი ამბობს, რომ კომპანია უპირველესად საქართველოში თავის დამკვიდრებას ცდილობს, რის გამოც წარმოებაც გააფართოვა და ავეჯს ამჯამად თბილისსა და ქუთაისში აწარმოებს. კომპანიაში 35-მდე ადამიანია დასაქმებული.

"ადგილობრივი ბაზრის ათვისებისთვის გვჭირდებოდა მაღაზიის გასხნა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გვემუშავა არამარტო იურიდიულ არამედ ფიზიკურ პირებთანაც, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ მოვიდნენ, დაათვალიერონ და შეიძინონ ავეჯი. მაღაზია გვექნება მაქსიმუმ 2 თვეში, გავაფართოვებთ რბილი ავეჯის წარმოებას, არჩევანი იქნება უფრო დიდი. თუ ვაკეთებდით რბილ ავეჯში 10 მოდელს, ახლა ვაკეთებთ 50 მოდელს",- აცხადებს ნინო შათირიშვილი.

Outdoor Furniture-ის სამომავლო გეგმები პროდუქციის ექსპორტზე გატანაა. კომპანიის დირექტორი პირველ ეტაპზე სამიზნე ბაზრებად უკრაინას, აზერბაიჯანსა და სომხეთს ასახელებს. ნინო შათირიშვილის განცხადებით, დაინტერესება მეზობელი ქვეყნებიდან უკვე არის.