მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით კირკიტაძე: ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მთაწმინდაზე უპრეცედენტოა

5c93e0c164a2f
თელარა გელანტია
21.03.19 23:14
694
მთაწმინდის რაიონში, ვილნიუსის სკვერი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით, უპრეცედენტო პროექტი იქნება, - ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ავთანდილ ბალახაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, სკვერის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები - არსებული, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანის პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა თანხების მობილიზება მხოლოდ მიმდინარე წლისთვის მოხერხდა და მისი ბიუჯეტი, დაახლოებით, მილიონ ლარს შეადგენს.

გამგებლის განცხადებით, დაგეგმილია სკვერის სრული რეაბილიტაცია, თუმცა დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, სრულიად ახალი სკვერი მოეწყობა.

ვილნიუსის სკვერი ჭონქაძის ქუჩაზე მდებარეობს. სკვერის რეაბილიტაციის პროექტი თბილისს ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. მოეწყობა დეკორატიული შადრევანი, მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავები გაშენდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო მოედნების მოწყობას, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდება, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის.

მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დამონტაჟდება ელექტრომობილის დამტენი, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, სამ თვეში დასრულდება.