მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარღვევები, რომლის გამოც საკრებულოს ავტომობილებს ჯარიმები ეწერებათ

59dcb0d9b737d
IDFI
10.10.17 15:32
1936
თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაჯარიმების ბოლო შვიდი წლის სტატისტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ავტომობილების პარკირების სისტემა თავად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზეც (გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზა) კი მოუწესრიგებელია. საკრებულოს ავტომობილებისთვის არასწორი პარკირებისათვის გამოწერილი ჯარიმების ნახევარი სწორედ ამ ქუჩაზე არის გამოწერილი. ასევე, დაჯარიმების ადგილებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილები მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენება. რაც სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენების წესების არასრულყოფილებით შეიძლება იყოს განპირობებული. ავტოპარკის განკარგვის განპიროვნებული, და არა საერთო გამოყენების, წესი ხელს უწყობს თბილისის საკრებულოს კუთვნილებაში არსებული ავტომობილების არარაციონალურად დიდ რიცხვს.

ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების მეთოდები

IDFI-იმ ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსაგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით დაადგინა 2016 წელს საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი. შპს „სი-ტი პარკის“ ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებით კი შეადგინა საკრებულოს საქმიანობის ბოლო წლებში (2011-2017 წ.წ) ამ ავტომობილებზე გამოწერილი ჯარიმების შესახებ დეტალური ცხრილი (იხ. თანდართული დოკუმენტი)

IDFI საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების შპს „სი-ტი პარკის“ მიერ დაჯარიმების პრაქტიკას შესწავლისას სამი ტიპის დარღვევას დააკვირდა:

- არ იყო გადახდილი პარკირების საფასური და ავტომანქანა იდგა ფასიანი პარკირების ადგილზე;

- დარღვეული იყო პარკირების წესები (დგომის მეთოდი, ორმაგი პარკირება და სხვ.);

- ავტომანქანა იდგა სპეციალური პარკირების ადგილზე შესაბამისი ნებართვის გარეშე (შშმ პირების პარკირების ადგილზე).

ზოგადი ცნობები ქ. თბილისის საკრებულოს კუთვნილებაში არსებული ავტოპარკის შესახებ

50-წევრიან ქ. თბილისის საკრებულოს ჯამში 35 მანქანა ემსახურება. ავტომობილები საკრებულოს წევრებზეა განპიროვნებული, მათი თანამდებობის შესაბამისად (საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები). კერძოდ, 31 ავტომობილი საკრებულოს წევრ დეპუტატებს პერსონალურად ემსახურება, ხოლო დანარჩენი 4 კი საერთო დანიშნულებით გამოიყენება.

რაც შეეხება ავტომობილების განკარგვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, 2016 წელს საკრებულომ საწვავის მოხმარებაზე 193,988 ლარი დახარჯა [1]. ასევე, საკრებულოში ჯამში 35 მძღოლი დასაქმებული, რომელთა ხელფასი ყოველთვიურად 1,000 ლარს შეადგენს [2]. აღსანიშნავია, რომ ავტომობილების ნაწილი საკრებულოს მერიამ გადაცა (3 ავტომობილი), ხოლო დანარჩენი საკრებულომ ძირითადად 2011-2013 წლებში, ხოლო ერთი ავტომობილი 2009 წელს შეიძინა. IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე 2017 წლის 7 ივნისით რიცხულ ავტომობილებს შეეხება. ამ ავტომობილების დაჯარიმების შესახებ მონაცემების სრულყოფილადაა წარმოდგენილი 2014 წლიდან დღემდე პერიოდისათვის, ხოლო 2010-2013 წლების მონაცემები სრულად არ არის ასახული. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დაჯარიმების რიცხობრივი მაჩვენებელი რეალურად წარმოდგენილ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.

საკრებულოს ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე გამოწერილი ჯარიმები

2010-2017 წლებში შპს „სი-ტი პარკის“ [3] მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაჯარიმების სულ 304 ფაქტი ფიქსირდება. აქედან 9 შემთხვევაში შპს „სი-ტი პარკმა“ ავტომობილის ევაკუირება და სადგომზე გადაყვანა მოახდინა.

საკრებულოს ავტომობილებზე გამოწერილი 304 ჯარიმიდან (ჯამში 3,040 ლარის ოდენობით ჯარიმები) დღემდე გადაუხდელია 80 ჯარიმა, 51 ჯარიმის შემთხვევაში კი ჯარიმის გადახდის ვადის დაუცველობის გამო ავტომობილზე დაკისრებულია საურავები (საურავი 150 ლარის ოდენობით - ჯამში 7,650 ლარი), რომელთაგან 41 დღეის მდგომარეობით გადაუხდელია.

ჯარიმების დეტალური ანალიზის შედეგად გამოირკვა, რომ ავტომობილების პარკირების სისტემა თავად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზეც კი მოუწესრიგებელია. კერძოდ, საკრებულოს ავტომობილებისთვის არასწორი პარკირებისათვის გამოწერილი 263 ჯარიმიდან ნახევარი (131) სწორედ ამ ქუჩაზე ფიქსირდება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილები, სავარაუდოდ, მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენება. მაგალითად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის სარგებლობაში არსებული ავტომობილი „სი-ტი პარკმა“ 2017 წლის 2 სექტემბერს, შაბათს დააჯარიმა ისეთ ადგილას, რომელსაც, სავარაუდოდ, არანაირი კავშირი არ აქვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობასთან.

აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენებასთან დაკავშირებული მოქმედი რეგულაციები დეტალურად ვერ აწესრიგებს არა სამსახურეობრივ დროს სახელმწიფო ავტომანქანების გამოყენების წესებს, მათ შორის ქალაქ თბილისში. ამ მხრივ საინტერესოა შემდეგი ორი: 1) „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს ბრძანებულება N364 და 2) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატში სამსახურეობრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #279 განკარგულება. ეს აქტები არ შეიცავს ავტომობილების არა სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების პრევენციის მექანიზმებს და მათი მთავარი დანიშნულება ავტომანქანების და საწვავის ლიმიტების განაწილებაა.

ჯარიმების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სარგებლობაში არსებული ავტომობილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა პარკირების ადგილასაც იქნენ დაჯარიმებულნი. მართალია, აღნიშნულ ავტომობილს, სავარაუდოდ, თავად საკრებულოს წევრი არ მართავს, თუმცა, შშმ პირთა პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილას განთავსებული თვალშისაცემი ნიშანი მძღოლთან ერთად ავტომობილში მჯდომ სხვა პირებსაც აკისრებს მორალურ პასუხისმგებლობას, აღკვეთონ სატრანსპორტო საშუალების მსგავს ადგილებში გაჩერების ფაქტები. მითუმეტეს, საკრებულოს თითოეული წევრის მოვალეობაა იზრუნოს ქალაქის მასშტაბით სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.

ვინ იხდის საკრებულოს ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე გამოწერილ ჯარიმებს?

ქ. თბილისის საკრებულოს განმარტებით, შპს „სი-ტი პარკის“ მიერ დაკისრებულ ჯარიმებს თავად მძღოლები იხდიან და აღნიშნულზე საკრებულოს ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება. ქ. თბილისის საკრებულოს განმარტებით, საკრებულო მის ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე გამოწერილ ვიდეო ჯარიმებსაც არ აღრიცხავს, რადგან ჯარიმების საფასურს თავად მძღოლები იხდიან.

ვფიქრობთ, ეს განმარტება ვერ გააბათილებს საკრებულოს აპარატში დასაქმებული მძღოლებისა თუ ავტომობილებით მოსარგებლე საკრებულოს წევრების პასუხისმგებლობის საკითხს ქალაქში პარკირების წესების სისტემურ დარღვევასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით არასამუშაო დროს და შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების დაკავებისთვის დაკისრებულ ჯარიმებთან მიმართებით.

გამოვლენილი პრობლემები და რეკომენდაციები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების პრაქტიკის ანალიზით 4 მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიყოფა, რომლებიც აუცილებელ რეაგირებასა და დღევანდელი რეგულირებისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას საჭიროებს:

- ის გარემოება, რომ ქ. თბილისში აქტუალური პრობლემა პარკირების ადგილებთან დაკავშირებით მოუგვარებელია ნათლად გამოჩნდა უშუალოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკრებულოს წევრებზე განპიროვნებული ავტომანქანების სისტემური დაჯარიმებითაც. შპს „სი-ტი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ანალიზი უჩვენებს, რომ ეს პრობლემა 2011 წლიდან დღემდე მოუგვარებელია მათ შორის იმ ტერიტორიაზე სადაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა არის განთავსებული.

- საზოგადოებაში არა ერთხელ გაჟღერებულა კითხვები თბილისის საკრებულოს ავტოპარკის მოცულობასთან დაკავშირებით (50 წევრიან საკრებულოში, 31 პერსონალურად განპიროვნებული ავტომობილია). ამასთან ერთად, დაჯარიმების პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ მათი გამოყენება სავარაუდოთ არა სამსახურებრივი დანიშნულებითაც ხდება. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს საკრებულოს ავტოპარკის ოპტიმიზაციის საჭიროებას. ვფიქრობთ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საკმარისი იქნებოდა არა განპიროვნებული, არამედ საერთო გამოყენების ავტოპარკის განკარგვა. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა საკრებულოს ადმინისტრაციულ ხარჯებსაც.

- თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, უნდა გაამკაცრონ საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების კონტროლი. ასევე, მათ უნდა უზრუნველყონ მძღოლების მიერ ჯარიმების დროული გადახდის კონტროლი, რადგან პრაქტიკაში ხშირია მძღოლების მიერ ჯარიმების გადაუხდელობის ფაქტები, რაც წლების განმავლობაში დავალიანების სახით ეკისრება ქალაქის საკრებულოს.

- კანონმდებლობაში უნდა აისახოს სახელმწიფო ავტოპარკის არა სამსახურეობრივი მიზნებისათვის და არა სამუშაო დროს გამოყენების პრევენციის მექანიზმები, უნდა შეიცვალოს და შესაბამისი დებულებები დაემატოს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატში სამსახურეობრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #279 განკარგულებას.

[1] წყარო: IDFI-მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაგან გამოთხოვილი ინფორმაცია

[2] ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის N2-16 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ - დანართი N2, პარ. 13

[3] შპს „სი-ტი პარკი“ 2007 წელს ქ. თბილისის მერიის მიერ ავტომობილების პარკირების ორგანიზებისათვის გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული ორი კომპანიის მიერ შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირია. ამ უკანასკნელსა და თბილისის მერიას შორის 2007 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „სი-ტი პარკს“ ქ. თბილისში არსებული ავტომობილების პარკირების ორგანიზებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება გადაეცა, მათ შორის პარკირების წესების დამრღვევი პირებისათვის ჯარიმის გამოწერის შესაძლებლობაც.შპს „სი-ტი პარკის“ მიერ ქ. თბილისში არსებული ავტომობილების პარკირების კონტროლი განურჩევლად ვრცელდება ყველა ავტომობილზე, მათ შორის საჯარო მოხელეების განკარგულებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც.