მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამსაქმებელი, რომელიც საპენსიო სქემაში არ ჩაერთვება, დაჯარიმდება

5c418760543c7
ელენე გოგბერაშვილი
18.01.19 12:30
940

დამსაქმებელი, რომელიც საპენსიო სქემაში არ ჩაერთვება, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. ამის შესახებ BM.GE-თან საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს. ლევან სურგულაძე განმარტავს, რომ თუ დამსაქმებელი ვალდებულია და ის საპენსიო შენატანს არ განახორციელებს, ეს ქმედება პირველ ჯერზე გამოიწვევს მისი 500 ლარით დაჯარიმებას.

„თუ დამსაქმებელს ჰყავს დასაქმებული, რომელიც ვალდებულია ან არ არის ვალდებული და სურვილი აქვს გაწევრიანდეს  საპენსიო სქემაში, მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია ამ ადამიანის შესახებ საპენსიო სააგენტოში წარადგინოს საპენსიო დეკლარაცია, ინფორმაცია მისი ხელფასის შესახებ. შემდგომ ის დაინახავს რა თანხაა ჩასარიცხი ანუ რა იქნება მისი კონტრიბუცია. თუ ამას დამსაქმებელი არ გააკეთებს, ის ადმინისტრაციული წესით ჯარიმდება. პირველ დარღვევაზე ჯარიმა გათვალისწინებულია 500 ლარით. ყოველ შემდგომ დარღვევაზე დამსაქმებელი 1000 ლარით დაჯარიმდება“-განმარტავს ლევან სურგულაძე.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო შენატანების დაფინანსებას ახორციელებენ დამსაქმებელი (2%), დასაქმებული (2%) და სახელმწიფო (2%). თვითდასაქმებულის შემთხვევაში საპენსიო შენატანი წილი შემოსავლის 4%-ით განისაზღვრება.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოში 5 000-ზე მეტი კომპანია უკვე დარეგისტრირდა.