მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაანონსებული საგადასახადო შეღავათების რეფორმა დღგ-ის ნაწილში აშკარად შეიცავს უზუსტობებს"

5c4984eaef590
ელენე გოგბერაშვილი
24.01.19 13:25
1771
მთავრობა ტრანსნაციონალური კომპანიების მოსაზიდად საგადასახადო შეღავათებს აანონსებს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით, საწარმოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას, შეიძლება მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. სხვა პრეფერენციებთან ერთად ის თავისუფლდება დღგ-ისგან, მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევისას;

Kreston Papiashvili-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის მიერ დაანონსებული რეფორმა დღგ-ის შეღავათების ნაწილში აშკარად შეიცავს უზუსტობებს, თუმცა დანარჩენ ნაწილში (საშემოსავლო, მოგება, ქონება) წარმოადგენს სიახლეს და მნიშვნელოვან შეღავათსაც.

რაც შეეხება დღგ-სგან გათავისუფლებას, მისი თქმით, ეს სიახლე არ არის, რადგან კანონი აქამდეც ითვალისწინებდა აღნიშნულ შეღავათს საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევის შემთხვევაში.

„საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევისას კომპანიებს უწესდებათ საგადასახადო შეღავათი დღგ-ის ნაწილში, მაშინ, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურება ისედაც არ იბეგრება დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 161-ე და 166-ე მუხლების მიხედვით, თუ მომსახურების გაწევის ადგილი საზღვარგარეთაა, ეს დღგ-ით ისედაც არ იბეგრება ჩვეულებრივი კომპანიების შემთხვევაშიც. ასე რომ, აქ რაღაც შეცდომაა აშკარად. დანარჩენ შეღავათებს რაც ეხება, საშემოსავლო გადასახადის დაკავებისაგან გათავისუფლებას, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას და მოგების გადასახადის ნაწილში 5%-იანი გადასახადის დაწესებას, აქ გარკვეული სახის შეღავათები და სიახლეები მართლაც არსებობს, ვნახოთ რა ფორმას მიიღებს კანონპროექტი და რა ფორმით დაამტკიცებს მას პარლამენტი“, - აცხადებს პაპიაშვილი.