მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები ღვინის შესახებ კანონში - დეგუსტაციის გარეშე ღვინოები ექსპორტზე აღარ გავა

59099aa7ab0fc
სალომე მეცხვარიშვილი
04.05.17 16:55
5266
"ღვინისა და ვაზის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. შესაბამისი კანონპროექტი ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონში 2002 წელს არის შესული, ამიტომ ის თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს. პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა უკვე დაიწყო. რა ძირითადი ცვლილებები შედის კანონში და რა არის მათი არგუმენტაცია "საქმის კურსთან" ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი საუბრობს:

- ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტზე გატანა. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ინიციატივა თავად ბიზნესიდან წამოვიდა. რატომ არის საჭირო ჩამოსახხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რა არის თქვენი არგუმენტაცია?


- ინიციატივა, რომ აიკრძალოს ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი მთლიანად წამოსულია კერძო სექტორიდან. ჩვენ, ღვინის სააგენტო, ვეთანხმებით ამას. დარგი შეთანხმდა მთლიანად, რომ ამ შეზღუდვით სარგებელი ექნება სფეროს, ვიდრე დანაკარგი. რაც შეეხება არგუმენტაციას, გაზრდილი ექსპორტის პირობებში ფაქტობრივად საჭიროებაც აღარ არსებობს მისი გატანის. ამასთან, ჩამოსხმული ღვინის ფასები ბევრად მაღალია, ვიდრე ჩამოსასხმელის. ამიტომ გაცილებით საინტერესოა, ვიმუშავოთ უკვე დაფასოებული ღვინის ექსპორტზე. ამასთან, როდესაც ღვინო ისმევა საქართველოში, ჩვენ ზუსტად ვიცით, თითოეული ბოთლი რა ჯიშის და რომელი სახეობისგან არის წარმოებული. როდესაც ჩამოსასხმელი ღვინო გადის სხვა ქვეყნებში, ვეღარ ვაკონტროლებთ რამდენი ისმხევა ეს ღვინო. ძალიან არის გაზრდილი რისკი, რომ ქართულ ღვინოში რამე გაერიოს, გაბევრდეს. ამის პრევენციის მიზნით შევთანხმდით, რომ ჩამოსახმელი სახით ქართული ღვინო ექსპორტზე აღარ გავიდეს.

- მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ ექსპორტზე გატანამდე ყველანაირი ღვინის დეგუსტაცია უნდა მოხდეს. ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ ეს არ არის საჭირო, რამდენადაც წარმოადგენს დამატებით, დამაბრკოლებელ რეგულაციას პატარა ღვინის მარნებისთვის, მათი განვითარებისთვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად იქნება ახალი რეგულაცია პრობლემური?

- ამ შემთხვევაშიც ინიციატორი კერძო სექტორია. ამასაც დაეთახნმა ღვინის ეროვნული სააგენტო, რამდენადაც დღეს ექსპორტზე გასული ღვინოებიდან მხოლოდ 30% გადის დეგუსტაციას. აქედან გამომდინარე თავად კომპანები ამბობენ, რომ შემოწმდეს მათი ღვინოები, იმისთვის, რომ არ გავიდეს ქვეყნიდან უხარისხო სასმელი და ამან ცუდად არ იმოქმედოს ქვეყნის იმიჯზე. ერთადერთი, ვინც ამ რეგულაციას არ ეთანხმება, მცირე მარნებია. ისინი გარკვეულ რისკებს ხედავენ, თუმცა, მათთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვფიქრობთ, შეთანხმებას მოვახერხებთ. მთავარი მიზანია, არ გავიდეს უხარისხო პროდუქცია ქვეყნიდან, ამასთან, არანაირად არ გვინდა, რომ პატარა მარნები შეიზღუდოს.

ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, იმ გამოცდილებით, რაც გვაქვს გეტყვით, რომ 10 წელზე მეტია მუშაობს სადეგუსტაციო კომისია. ღვინოს სინჯავენ თვითონ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ოღონდ ანონიმურად. ამან მოგვცა ძალიან კარგი შედეგი ადგილწარმოშობის ღვინოებზე. ამ გამოცდილების გადატანა საექსპორტო ღვინოებზე ცალსახად პოზიტიური იქნება დარგის განვითარებისთვის. მე მესმის ის შიში, რაც აქვს დარგის ზოგიერთ წარმომადგენელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შიში უსაფუძვლოა. თუმცა, მათი შენიშვნები აუცილებლად უნდა გავითავლისწინოთ.

- საექსპორტო ღვინის დეგუსტაციის პროცესი როგორი იქნება? ხომ არ გაზრდის ეს ექსპორტის პროცედურას ან დამატებითი თანხები ხომ არ იქნება საჭირო ამისთვის?

- პროცედურა ასეთია - მას შემდეგ, რაც ლაბორატორიიდან შემოვა ღვინო, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ისინჯება პირველივე დეგუსტაციაზე. დღეს არსებული რაოდენობიდან გამომდინარე დეგუსტაცია ხდება კვირაში ორჯერ. როგორც კი კანონში შევა ცვლილებები, ღვინის დეგუსტაცია მოხდება კვირაში ოთხჯერ. ანუ სააგენტოში შემოსული ღვინო მეორე დღესვე გავა დეგუსტაციაზე. შესაბამისად, პროცედურა უფრო დაჩქარდება. დეგუსტაცია დღესაც ფასიანია, ერთი დეგუსტაციის ღირებულება ადგილწარმოშობის ღვინოებზე 50 ლარია. რა ფასი ექნება სხვა ღვინოებზე, ჯერ არ ვიცით. თუმცა, ფასი ძვირი არ არის, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სერთიფიცირება უფასოა.

- კიდევ რა ტიპის ცვლილებები შედის კანონში გარდა ამ ორი ძირითადი საკითხისა?

- ცვლილება შედის ფაქტობრივად ყველა მუხლში. არ იცვლება პოლიტიკა და მიდგომა იგივე რჩება, უბრალოდ ხდება მისი განახლება და თანამედროვე გამოწვევებზე მორგება. შემოდის ქვევრის ღვინისა და ქარვისფერი ღვინის განმარტებები. ესეც მარკეტინგული მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ისინი დღითიდღე პოპულარული ხდება და მნიშვნელოვანია, რომ მათი ზუსტი განმარტებები არსებობდეს. ამასთან, ღვინოების კლასიფიკაციაც შეიცვალა. არის ღვინის ზოგიერთი ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის, რუსეთის თუ სხვა მიმართულებებით არის წარმატებული, მაგრამ ქართულ კანონმდებლობაში ჯერჯერობით გამორჩენილია. მაგალითად, არ გვქონდა განმარტება ლიქიორული ღვინის და ახლა ჩაიწერება. ასევე, აბსოლუტურად შეიცვალა ადგილწარმოშობის დასახელებები და მოერგო ევროკავშირის სტანდრატებს.

- როგორ ფიქრობთ, როდის შევა ძალაში ახალი კანონი, რომლის განხილვებიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო?

- დიდი იმედი მაქვს, პარლამენტიც გაიზიარებს ჩვენს მიდგომებს და ამ თვეში დავასრულებთ კანონზე მუშაობს.