მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცქიტიშვილი: ვალდებულნი ვართ, ანაკლიის პროექტში ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები

5c93c39a3ccbc
თელარა გელანტია
21.03.19 23:20
514
დღეს, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მინისტრმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის თემაზე ბრალდბები და სპეკულალაციები კიდევ იქნება და მისი მიზანი იყო ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის და საქმიანი მსჯელობა ყოფილიყო.

„ამ თემასთან დაკავშირებით გვექნება კიდევ ბევრი საუბარი, იქნება ბევრი ბრალდება და სპეკულაციები. ისევე, როგორც გვარების ხსენება. მე არ დამიწყია ნამდვილად არც ივანიშვილის, არც ჩხარტიშვილის და არც სხვა გვარების ხსენება.

დღეს ძალიან ბევრი ისეთი ვერსია გაჟღერდა, რომელიც ნამდვილად იმას ემსახურება, რომ საზოგადოებაში შექმნას ის განცდა, რომ მთავრობას რაღაც მზაკვრული გეგმა აქვს - კონკრეტულ ინვესტორებს ერჩის ან ამ შემთხვევაში კონკრეტული პროექტის დაბლოკვით და წარუმატებლობით არის დაინტერესებული.

მე ვეცადე დღეს, რომ მომეტანა თქვენთვის ის ინფორმაცია თუ რა ხდებოდა ამ პროექტში მთელი ამ წლების განმავლობაში, თუ რა ხდება დღეს და მათ შორის წარმომედგინა ის ინფორმაცია, თუ რას ითხოვენ ბანკები რათა ჩვენ, თქვენ და საზოგადოებას ჰქონოდა სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ უფრო პროფესიონალურად და საქმიანად გვემსჯელა ამ პროეტზე.

ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საერთოდ არ ყოფილიყო კითხვები გაჩენილი ამ პროექტის და მასში ჩართული ადამიანების გარშემო. ასევე, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ თუ რამე კითხვა არსებობს ამ კითხვებზე გაიცეს პასუხები დროულად და ობიექტურად.

ამ დარბაზშიც და საზოგადოებაშიც ყველას გვაერთიანებს სურვილი, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს წარმატებით. აუცილებელია, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს ამ პროექტის წარმატება გაერთიანდეს ამ მიზნის გარშემო.

მე მინდა მოგიწოდოთ, თქვენც და მოვუწოდო საზოგადოებასაც, რომ შევწყვიტოთ სპეკულაციები ამ პროექტის გარშემო, გადავიდეთ და დავუბრუნდეთ იმ საქმიან დისკუსიას, რომელიც გვქონდა ამ პროექტის მიმართებაში კონსორციუმთან.

მიუხედავად საჯარო სივრცეში გასული ინფორმაციისა ამ პროცესს დამერწმუნეთ არაფერი ემუქრება, რადგან ჩვენ როგორც მთავრობას გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიაზრებთ და ვიცით, რომ ვალდებულნი ვართ, ამ პროექტში ვიყოთ თანმიმდევრულები და ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები. ამასთან ერთად, ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშეც და ამიტომ ვერ და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ ამ კონცორციუმთან და ინვესტორთან ურთიერთობას და ვეცდებით, რომ ამ პროცესში მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც საშუალებას მისცემს, პირველ რიგში, ამ კონკრეტულ ინვესტორს, რომ ეს პროექტი დაასრულოს.
კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას ვინც ამ პროექტით ხართ დაინტერესებულები, რომ ამ პროექტის სასიკეთოდ იმოქმედოთ და არა თქვენ თქვენი პოლიტიკური დივიდენდები მიიღოთ.

ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მთავრობისთვის და სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი. პროექტი რომელიც ჩვენ დავიწყეთ, გვერდში ვუდგავართ და ნამდვილად დავამთავრებთ“, - აღნიშნა დასკვნით სიტყვაში მაია ცქიტიშვილმა.