მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Conti უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ პროექტის წარმატება მიღწეული იქნებოდა, დღეს მას ვერ ვხედავთ" - ცქიტიშვილი

5c93fca13f578
BM.GE
22.03.19 01:04
755
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სახელმწიფო პროექტში კონტი ჯგუფის მონაწილეობას ვერ ხედავს. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სწორედ “კონტი ჯგუფი” უნდა ყოფილიყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიუტებისთვის გარანტორი, რომ პროექტის წარმატება მიღწეული იქნებოდა, რა შემთხვევაშიც, საერთაშორისო კრედიტორები პროექტის მთავარ გარანტორად სახელმწიფოს მონაწილეობას არ მოითხოვდნენ.

“ხდება გაიგივება ამ პროექტის და კონსორციუმის მამუკა ხაზარაძესთან. მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ პროექტში 42%-ით არის შესული ის კომპანია, რომლის დამფუძნებელი არის ბატონი მამუკა ხაზარაძე, ხოლო მეორე ასეთივე მსხვილი წილი ფიქსირდება, "კონტი ჯგუფზე". სწორედ "კონტი ჯგუფი" და მისი გამოცდილება, მისი ფინანსური მდგომარეობა იყო იმ პირობის შესრულება, რაც იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით. სწორედ ინტერესთა გამოხატვაში იყო ჩადებული პირობა, რომ მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონოდა არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება მსგავსი პროექტების მშენებლობასა და მონაწილეობაში. გარდა ამისა, ყველა ის ფინანსური დოკუმენტაცია, ანუ უწყისი უნდა ყოფილიყო ისეთი სახით შედგენილი და წარმოდგენილი, რომ სახელმწიფო ყოფილიყო დარწმუნებული, რომ კანდიდატს მართლაც შეეძლო ასეთი დონის პროექტის განხორციელება. 

როდესაც სახელმწიფომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, კონტი ჯგუფი, მისი გამოცდილება იყო მიზეზი, რის გამოც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ამ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ კონტი ჯგუფს, ის აქტიურად არ არის ჩართული პროექტში. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი წარმოდგენილია მხოლოდ მისი ქართული მენეჯმენტის მიერ, რაც ასევე დასაფასებელია, რომ ქართული ჯგუფი შეიქმნა, რომელიც გამოცდილებასაც იღებს, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ იმ გამოცდილებას, იმ ფინანსურ მდგომარეობას, რომელმაც გაამარჯვებინა კონსორციუმს ამ პროცესში. როდესაც ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ახლა კონსორციუმს აქვს და შეექმნა ამ პროექტის განხორციელებაში, ამ შემთხვევაში, ის რომ გამოუცდელი ადამიანები, ადამიანები, რომელთაც აქვთ კარგი განათლება, ძალიან კარგი განათლება და უნარი პროექტების მართვის, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ჯგუფი, ის ქართული მენეჯმენტი, რომელსაც არასოდეს არ განუხორციელებია პორტის მშენებლობა, არც - საქართველოში, არც მის ფარგლებს გარეთ. 

ამიტომ ერთი პრობლემა, რომელიც კონსორციუმს დღეს აქვს, სწორედ იმ ზურგის და იმ პარტნიორის, იმ სტრატეგიული ინვესტორის ნაკლებობაა, რომელიც ამ პროექტში უნდა ყოფილიყო. კონტი ჯგუფიც იყო წარმოდგენილი როგორც სტრატეგიული ინვესტორი, რაც ნიშნავს, რომ სწორედ კონტი ჯგუფს, მისი სიძლიერით და ფინანსური შესაძლებლობებით, ის უნდა ყოფილიყო გარანტორი ბანკებისთვის, რომ ამ პროექტის წარმატება იქნებოდა მიღწეული. ასეთი რთული პროექტის მშენებლობა უზრუნველყოფილი იქნებოდა სამ წელიწადში მშენებლობა. ის, რომ ინვესტორს შეექმნებოდა რაიმე პრობლემა ტვირთების მოზიდვაში ან ფინანსურ ნაწილში, ასეთი სტრატეგიული ინვესტორი ან პროტის ოპერატორი სხვა ტიპის პორტის ოპერატორი, ნაცვლად იმისა, რაც ახლა არის შემოთავაზებული, ის უზრუნველყოფდა ამ პროექტის წარმატებას. ამდენად, ამ ვალდებულებების შესრულება იყო რეალური იმ შემთხვევაში, თუ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მიყვებოდა იმ მოდელს, რა მოდელითაც მან გაიმარჯვა კონკურსში", - ამბობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი.