მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colliers International: ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 7%-ით შემცირდა

5905c3ca559ac
BM.GE
30.04.17 18:00
1335
"2017 წელი უძრავ ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით, პოზიტიურად დაიწო", - Colliers International Georgia-ის შეფასებისა და კვლევის განყოფილების ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქევხიშვილის თქმით, ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნა გაზრდილია, რასაც განხორციელებული ტრანზქციები ადასტურებს.

ქევხიშვილი განმარტავს, რომ I კვარტალში დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქცია განხორციელდა.

"2017 წლის I კვარტალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციებმა ძველაშენებული ბინების ტრანზაქციებს გადაასწრო, როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად. ახალაშენებული ბინების დაახლოებით 120 მილიონის ტრანზაქციაა დაფიქსირებული.

ფასებს რაც შეეხება, ამ მხრივ კლება გვაქვს. ყველაზე დიდი ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობა საბურთალოზე მოდის, რასაც ბაზრის დაახლოებით 22% უჭირავს. მას სამგორი, გლდანი და დიდი დიღომი მოყვება. ვაკე და მთაწმინდა რაოდენობრივად მცირე სეგმენტია და ფასებიც ამ უბნებში შედარებით მაღალია. დეველოპერული პროექტები, რომლებიც თბილისში ხორციელდება ძირითადად საბურთალოზეა სეგმენტირებული“, - აღნიშნა ქევხიშვილმა.

Colliers International Georgia-ის შეფასებისა და კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ქევხიშვილი ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფასები ახალაშენებულ ბინებზე უფრო შემცირებულია, ვიდრე ძველ ბინებზე.

"ახალაშენებულ ბინების საშუალო ფასებზე გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 7%-იანი კლებაა, ხოლო 2015 წელთან შედარებით დაახლოებით 6%-იანი კლება. ჩვენი ანალიზის მიხედვით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ფასების კლების მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი ფონი იყო. ასევე გავლენა ვალუტის კურსმაც იქონია. მნიშვნელოვანია უცხოეთიდან ფულადი გზავნილებიც. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელთან შედარებით ფულადი გზავნილების მცირედი ზრდა გვქონდა, წინა წლებთან შედარებით ეს მნიშვნელოვნად შემცირებულია. ზოგადად ახალაშენებულ ბინებზე უფრო მეტად შემცირდა ფასები, ვიდრე - ძველაშენებულ ბინებზე და ვფიქრობთ, რომ ეს ბუნებრივიც არის, რადგან დეველოპერები ბაზრის სუსტ სტიმულებზე უფრო სწრაფად ახდენენ რეაგირებას. მათ ფასების შემცირებით დააკომპენსირეს ის, რომ ტრანზაქციების რაოდენობა გაზარდეს. ფაქტიურად რაოდენობრივად და თანხობრივად ჯამური მოცულობით ზრდა იყო გასულ წელსაც და მიმდინარე წლის დასაწყისშიც“, - აცხადებს ნიკოლოზ ქევხიშვილი.