სილქნეტს Turner-ის პრემიუმ კლასის სატელევიზიო არხების - CNN international, Cartoon Network და Boomerang - მაუწყებლობის ლიცენზია დაუბრუნდა.
კომპანია "სილქნეტის" ცნობით, სალიცენზიო შეთანხმება გულისხმობს Silk TV-ის მიერ საბაზისო პაკეტით Turner-ის პრემიუმ არხების მიწოდებას ფიზიკური პირებისთვის და კომერციული აბონენტებისთვის, მათ შორის სასტუმროებისთვის.
„ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ჩვენს პარტიონრებთან Turner Broadcasting-ში შეთანხმების ახალ წლამდე მისაღწევად, რადგან ვიცით, რომ Silk TV-ის მენიუში CNN International, Cartoon Network and Boomerang-ის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაყურებლისთვის. ეს არხები პოპულარულია აბონენტების ფართო სპექტრისთვის - ჩვენი პატარა მაყურებლებით დაწყებული, რომლებიც Cartoon Network-ს ელიან, დამთავრებული CNN international-ის მაყურებლებით, რომელთაც მსოფლიოს უახლესი ამბები და გლობალური ბიზნესის ანალიზი აინტერესებთ,“ - განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ბუჩუკურმა.
მისი თქმით, სილქნეტი და CNN-ი ასევე მუშაობენ მომავალი თანამშრომლობის გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება CNN-ის აუდიტორიის გაზრდა ერთობლივი მარკეტინგისა და კობრენდინგის ღონისძიებებით. ერთობლივი მარკეტინგ ღონისძიებები Silk TV-ზე 2016 წლის გაზაფხულიდან იგეგმება.