მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შენელდა

5c45e98447b68
ანნა ლაპიაშვილი
21.01.19 19:46
1127
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2018 წელს 6.6% იყო, რაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ჩინეთის მშპ-მ 2018 წელს 90.03 ტრილიონი იუანი შეადგინა.

გასული წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ასეთი იყო: I კვარტალში - 6.8% ; II კვარტალში - 6.7% ; III კვარტალში - 6.5% და IV კვარტალში - 6.4%.

ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიზეზებს შორის უმთავრესად აშშ-თან სავაჭრო ომი სახელდება.

Bloomberg წერს, რომ ჩინეთი, საინვესტიციო მოდელს რომელიც წინა წლებში ჰქონდა, დაშორდა და ამასთან პრობლემებია ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც.

საერთაშორისო სააგენტო წერს იმასაც, რომ სავაჭრო ომის ფონზე ჩინური მწარმოებელი კომპანიების გლობალური ექსპანსიის წარმატებულობაც ეჭვქვეშ დგება.

მიუხედავად შემცირებული ზრდის ტემპისა, ქვეყნის ეკონომიკა მაინც შთამბეჭდავ რიცხვებს აჩვენებს. სამომხმარებლო საქონლის საერთო გაყიდვებმა 380, 87 მილიარდ იუანს მიაღწია, რაც 9%-ით მეტია 2017 წლის შედეგთან შედარებით.

აქტიურად ვითარდება ელექტრონული კომერცია - ონლაინ გაყიდვები 23.9%-ით 9 ტრილიონ იუანამდე გაიზარდა. საცალო გაყიდვები ქალაქებში 32.56 ტრილიონ იუანამდე გაიზარდა, ზრდა 2017 წელთან შედარებით 8.8%-ია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 2017-ში 10%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა. რაც შეეხება სოფლის სტატისტიკას, აქ ზრდა 5.53 ტრილიონ იუანამდეა.

ჩინეთის ძირითად ფონდებში ინვესტიციები 2018 წელს - 5.9%-ით 63,56 ტრილიონ იუანამდეა გაზრდილი.