მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩიკვაიძე "ფოსტის" ბალანსზე არსებულ 7 მლნ-ის ქონებაზე: ეს ობიექტები კომპანიას ტვირთად აწევს

5c8fad94500a7
თათია ჩაფიჩაძე
18.03.19 19:27
1266
„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, „ფოსტის“ ბალანსზე არსებული დაურეგისტრირებელი და გამოუყენებელი ქონება „საქართველოს ფოსტას“ ტვირთად აწევს“.

ასე გამოეხმაურა „საქმის კურსთან“ საუბარში ლევან ჩიკვაიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, „საქართველოს ფოსტის“ ბალანსზე 5,094,179 ლარის ღირებულების 84 ერთეული − გამოუყენებელი და 2,032,876 ლარის ღირებულების 66 ერთეული − საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება ირიცხება.

„ბოლო წლების განმავლობაში „საქართელოს ფოსტამ“ 400-მდე დაურეგისტრირებელი ობიექტიდან აბსოლუტური უმრავლესობა დაარეგისტრირა; დარჩენილია 60-მდე ობიექტი, რომლის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით, „საქართველოს ფოსტას“ შესაბამისი განაცხადი გაკეთებული აქვს. ამ კომპანიის ბალანსზე დაურეგისტრირებელი ქონება 10-ჯერ და 15-ჯერ უფრო მეტი იყო რამდენიმე წლის წინ; ფოსტამ დიდი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ შესაბამის ორგანოებში აღერიცხა და დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება. როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს დარჩენილია 60-მდე დაურეგისტრირებელი ობიექტი, რომლითაც ფოსტა არ სარგებლობს, ეს მხოლოდ ტვირთად თუ აწევს კომპანიას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქონების გადასახადს ვიხდით ამ ქონებისთვის. ამიტომაც „საქართველოს ფოსტამ“ მიმართა სახელმწიფოს, რომ ამოიღოს კაპიტალიდან და დაუბრუნდეს სახელმწიფოს“, - განაცხადა „საქმის კურსში“ ჩიკვაიძემ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, „საქართველოს ფოსტა“ აღნიშნულ ობიექტებს არ იყენებს, „ასე რომ, ის დაბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში“.

„საქმის კურსის“ ეთერში ჩიკვაიძე აუდიტის ანგარიშის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „საქართველოს ფოსტამ“ 2017 წლის მანძილზე 1,545 თანამშრომელზე 6,640,481 ლარის დანამატი გასცა, რაც აუდიტის შეფასებით, სრულყოფილად დასაბუთებული არ იყო.

ლევან ჩიკვაიძემ პირობა დადო, რომ მომავალში ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

„კანონმდებლობა რომელიც არეგულირებს დანამატების გაცემას, ეხება საჯარო სამსახურებს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ფოსტა“ არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, ეს გახლავთ კერძო სამართლის იურიდიული პირი და კანონმდებლობა არ კრძალავს დანამატების გაცემას. 6 მილიონი გაცემულია 1500 თანამშრომელზე და რომ გავყოთ საშუალოდ 300 ლარი გამოდის ერთ თანამშრომელზე. მე ფოსტის თანამშრომლებს ვპირდები, რომ მომავალ წელს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ანაზღაურებაც გაიზარდოს და ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დანამატიც“, - განაცხადა ჩიკვაიძემ.