მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიაბერაშვილი 15 ბანკის შემოწმებას ივანიშვილის მიერ "ჯვაროსნული ლაშქრობის" გამოცხადებით ხსნის

5c94cf1e10765
თელარა გელანტია
22.03.19 18:00
801
„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ივანიშვილის დახმარებით ბანკებზე „ჯვაროსნული ლაშქრობა“ გამოცხადდა, 2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 კომერციული ბანკი შეამოწმა.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებულ კრიმონოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ე.წ. ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა ახსენა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა, რომელიც ანგარიშვალდებული პრემიერის წინაშეა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, მან ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან, რომელიც პრემიერმინისტრს დაქვემდებარებული სსიპ-ია, გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოუწია ბოლო წლების განმავლობაში ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კომერციული ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და მათი შემოწმება, მაგრამ ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო და დაზუსტებული კითხვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კიდევ ერთხელ მიმართა.

აღნიშნული სამსახურისგან განსხვავებით, როგორც დეპუტატმა ჭიაბერაშვილმა განაცხადა, კომერციული ბანკების შემოწმების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან მიიღო.

„თუ წინა წლების განმავლობაში, საშუალოდ, შემოსავლების სამსახური 5 კომერციულ ბანკს ამოწმებდა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, ბანკებზე ჯვაროსნული ლაშქრობა გამოცხადდა ანუ 2018 წელს 15 შემოწმებაა ჩატარებული. ფაქტია, რომ იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი რაიმე სექტორს ან ვინმეს ამოირჩევს, მაშინ იწყებენ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებას და არა მაშინ, როდესაც ჩეულებრივ რეჟიმში სამართლის მიუკერძოებლად აღსრულება უნდა ხდებოდეს“, - განმარტა ჭიაბერაშვილმა.

დამატებითი ინფრმაციის მიღების მიზნით, bm.ge დეპუტატსაც ესაუბრა.

როგორც ირკვევა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს 2010-1019 წლებში კომერციული ბანკების საგადასახადო შემოწმების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიწოდების თხოვნით მიმართა. 

როგორც შემოსავლების სამსახურის საპასუხო წერილიდან ირკვევა, ყველაზე მეტი - 15 ბანკი შემოსავლების სამსახურმა 2018 წელს შეამოწმა.

წინა წლების სტატისტიკა ასეთია: 2010 – 2, 2011 – 1, 2012 – 3, 2013 – 3, 2014 – 2, 2015 -5, 2016 – 4, 2017 – 5, 2018 -15, 2019 – 0.

რაც შეეხება იმას, რომელი ბანკების შემოწმება განახორციელა შემოსავლების სამსახურმა საანგარიშო პერიოდში, საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ „ცალკეული კომერციული ბანკების საგადასახადო შემოწმების შესახებ მონაცემები წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39- ე მუხლის პირველი და 11 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება“.

Bm.ge დაინტერესდა, რამ განაპირობა შემოსავლების სამსახურის მიერ ბანკების საგადასახდო შემოწმებების ზრდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.