მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცეზარ ჩოჩელი: "თიბისი" ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიზნესჯგუფია

5c40b4c0e212e
სალომე მეცხვარიშვილი
18.01.19 10:00
1153
ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეფასებით, "თიბისი" ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიზნესჯგუფია საქართველოში.

ასე ეხმაურება ის ბოლო პერიოდში ბანკისა და მათი მფლობელების გარშემო მიმდინარე გამოძიებას.

“მე ვფიქრობ, თიბისი ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიზნესჯგუფია, რომელთანაც პარტნიორულოი ურთიერთობა წლებია მაკავშირებს. 98 წლიდან ვთანამშრომლობ მათთან”,- აცხადებს ჩოჩელი.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის შემთხვევები ქართულ ბიზნესგარემოსა და იმიჯზე უარყოფითად აისახება.

“ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რომ ამხელა ბიზნესჯგუფის წარმომადგენლები მსგავსი ტიპის ნაბიჯებს დგამდნენ.

ზოგადად მე მაქვს ხოლმე შენიშვნები ბანკების მიმართ, მაგალითად მაღალ საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეჭვი შევიტანოთ მათ საქმიანობაში”,- აცხადებს ჩოჩელი.

შეგახსენებთ, პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

„საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ ოფიციალური განცახდების გავრცელებამდე, საქმეს თავად „თიბისი ბანკი“ გამოეხმაურა ასევე საჯარო განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, ბანკის მენეჯმენტი კატეგორიულად უარყოფს „ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს“.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;
· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.