08.ნოემბერი.2018 10:33
ეკონომიკა

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობა მცირდება - სამინისტრო ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობა მცირდება - სამინისტრო ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს
2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცე ჰეპატიტის პროგრამისთვის 16 მლნ ლარი იყო გამყოფილი. მოგვიანებით ეს თანხა 14 მლნ 257 ათასამდე შემცირდა. ხაზინის ბოლო მონაცემების მიხედვით კი ამ დროისთვის ცე ჰეპატიტის პროგრამის ბიუჯეტიდან სულ 4 მლნ 716 ათასი ლარია დახარჯული.

ბიუჯეტის აუთვისებლობის მთავარი მიზეზი პროგრამაში ჩართულ პირთა მცირე რაოდენობაა. პროგრამის დაწყებიდან 3 წლისა და 8 თვის შემდეგ მკურნალობის კურსი 50 000 პირმა დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მათი რაოდენობა 2018 წელს წინა 2 წლისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად თუ 2016 წელს წლის განმავლობაში მკურნალობა 24 ათასამდე პირმა დაასრულა, 2017-ში ეს მონაცემები 17 000-მდე, 2018 წლის 10 თვეში კი 10 ათასამდე შემცირდა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ცე ჰეპატიტით ინფიცირებული პირების რაოდენობა 150 000-ს აღწევს.

ჯანდაცვის სამინისტროში აღიარებენ, რომ პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობა დაბალია და ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით მომდევნო 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ. ერთ-ერთი ასეთი უფასო სკრინინგია, რომელიც 12 იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.

„რეალურად პაციენტების რაოდენობა კლებისკენ წამოვიდა და ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა მექანიზმებით გავზარდოთ პაციენტების ჩართულობა როგორც დაფინანსების ცვლილებით, ასევე დიაგნოსტიკური ალგორითმის ცვლილებით, იგივე ახალი მედიკამენტების შემოტანით და ბევრი ასეთი ნაბიჯი გადაიდგა ინტერვენციისთვის, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი და კიდევ არის სხვადასხვა მექანიზმები, რომელსაც ეტაპობრივად კიდევ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პაციენტების რაოდენობა გავზარდოთ.
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს, ყველა მუნიციპალიტეტში თითქმის არის ერთი დაწესებულება სადაც ხდება მკურნალობა. ასევე სკრინინგის კუთხით გვაქვს ახალი კამპანია. 12 იუსტიციის სახლში მოქალაქეებს რომლებიც მივლენ სხვადასხვა მიზნით, შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ უფასო სკრინინგი. ასევე დაგეგმილი გვაქვს უახლესი თაობის მედიკამენტის შემოტანა, რომელიც გაზრდის ბენეფიციარების რიცხვს და ეს აქტივობები გვაძლევს იმის იმედს, რომ დარჩენილ 2 წელიწადში ჩენ მოვახერხებთ მაქსიმალური რაოდნეობის პაციენტების ჩართვას.“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ.

სამინისტროსგან განსხვავებით ელიმინაციის შედეგთან დაკავშირებით დადებით პროგნოზებს არ აკეთებენ ჯანდაცვის ექსპერტები. სერგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის პაციენტების მესამედის ჩართვა პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ 2 წელში 100 ათასი ადამიანი პროგრამაში ვერ ჩაერთვება. მიზეზებზე საუბრისას ჩიხლაძე ცუდ მენეჯმენტს ასახელებს და ამბობს, რომ მთავრობამ პროგრამა წინასწარი გათვლების გარეშე დაიწყო. მთავარი ბარიერი კი გამოკვლევისთვის საჭირო ფინანსური დანახარჯია, რომელიც შემცირების მიუხედავად დღესაც 150 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„არ იყო სათანადოდ წარმოებული საინფორმაციო კამპანია როგორც მოსახლეობის, ასევე ჯანდაცვის მუშაკებში. უფრო დიდი ბარიერი კი ფინანსური ბარიერია. თავიდანვე ჩაიდო ამ პროგრამაში, რომ ვისაც ჩათვა სურდათ გარკვეული ფინანსური დანახარჯი ექნებოდათ სადიაგნოსტიკო კვლევების სახით. მიუხედავად იმისა, რომ 400-დან დღეს 150 ლარამდეა შემცირებული, ეს მაინც პრობლემაა. 300-ს ჩადებ თუ 30000-ს როცა ეს ხელმიუწვდომელია, პროცესი ფერხდება. ასევე პრობლემაა პირველადი ჯანდაცვის რგოლი. ოჯახის ექიმი მობილიზებული უნდა იყოს რომ მოიძიოს პაციენტები თავიანთ არეალში. ეს რგოლის ძალიან სუსტია.

მომდევნო 2 წლის განმავლობაში რომც დაიგეგოს სწორად პოლიტიკა და აუცილებელია რომ დაიგეგმოს, შეუძლებელია რომ სრულად მოხდეს მოცვა, ფიზიკურად რესურსიც არ ეყოფა. თვიურად 5 ათას პირს ვერ მოემსახურებიან, ასე რომ თუ პროგრამა მოგვცემს ამის საშუალებას ეს გადავადდება 2022 ან 2023 წლამდე და ამ პერიოდისთვის მაინც შესაძლებელია რომ ელიმინაცია მიღწეულ იქნას.“- აცხადებს ჩიხლაძე.

ინფორმაციისთვის ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის განკურნების მაჩვენებელი 98.3%-ია.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე



18.ნოემბერი.2018 18:35
874

მთავრობა ხვალ ჭარბვალიანობის დაძლევის და „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების მეთოდს გააჟღერებს

ვრცლად
18.ნოემბერი.2018 17:59
233

გიორგი ქობულია-ფერმერებს: „იფიქრეთ იმაზე, როგორ გაფართოვდეთ“

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:20
561

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
160

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
139

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
204

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად