მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტიტუციო სასამართლოში იჩივლა

58ee41e638409
სალომე მეცხვარიშვილი
12.04.17 19:00
2175
British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კომპანია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში თამბაქოს რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იკრძალება.

საერთაშორისო კომპანია სარჩელში მიუთითებს, რომ "თამბაქოს შესახებ კანონის" ეს მუხლი კრძალავს, მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას და მისი საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროში მოღვაწე სხვა ეკონომიკურ აგენტებზე.

„მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს საწარმოს შეუფერხებლად, ყოველგვარი ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე, განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მეწარმის საქმიანობა იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც შეაფერხებს მეწარმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს",- ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ოქმში.

 სასამართლომ British American Tobacco-ს სარჩელი არსებითად წარმოებაში მიიღო.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ქართულმა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანია "ოჯითიმ" საერთაშორისო კომპანიას სწორედ "თამბაქოს შესახებ კანონის" მე-5 მუხლის დარღვევისთვის უჩივლა სასამართლოში. შედეგად, British American Tobacco-ს დაეკისრა 100 537 172 ლარის ჯარიმა.

"კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვების შემოღება, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის №2301-რს დადგენილებით) მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხსენებული კონვენცია ითვალისწინებს, ზოგადად, მოსახლეობაში თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდების შეზღუდვას და არა მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არღვევს როგორც კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ასევე სცილდება კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს",- აღნიშნულია დოკუმენტში.