მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებების ათეულშია

5baa3694af4be
მარიამ ადამია
25.09.18 18:40
1150
გამოცემა Bloomberg მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებების ათეულს აქვეყნებს, სადაც რიგით მეორე პოზიციას საქართველო იკავებს. ტოპ–10 კი, ასე
გამოიყურება:

ერევანი – 18.65% (ტურისტების რაოდენობის ზრდა წლიურად)

ტოპ–ათეულს სომხეთის მომხიბვლელი დედაქალაქი ერევანი ხსნის, სადაც ტურისტებს ისეთი კულტურული ძეგლები იზიდავს, როგორიცაა მაგალითად არარატი და მრავალსაუკუნოვანი სამლოცველოები, სადაც ხშირად მოისმენთ უძველეს საგალობლებს. წელს სომხეთში ტურისტების რაოდენობა 18.65%-ით გაიზარდა. ტურისტებს ადგილზე შესაძლებლობა აქვთ ტრადიციული ხალიჩების ქსოვას და ასევე სომხური ლავაშის დამზადებას დაესწრონ და მასში მონაწილეობაც მიიღონ.

ბოსნია და ჰერცოგოვინა – 18.66%

რეიტინგში მეცხრე ადგილს ბოსნია და ჰერცოგოვინა იკავებს – თავისი მეთექვსმეტე საუკუნის მეჩეთებით, ოსმალური არქიტექტურითა და ქუჩის ხელოვნებით. ეს ის მიმართულებაა, რომლის არსებობა ტურისტებმა წლებია მხოლოდ რუკიდან იცოდნენ. დღეს კი, ტურიზმის სექტორში უკვე 18%–იან ზრდას ითვლიან. ქვეყანა, სადაც თანამედროვე მხარე ჯერ კიდევ ებრძვის ძველ ტრადიციებს, ტურისტებს, ფარული დახვეწილობითა და ისტორიით იზიდავს.

მოლდოვა – 19.6%

მერვე ადგილს მოლდოვა იკავებს, რომელიც წლების განმავლობაში ტურისტების სიმრიცით გამოირჩეოდა. თუმცა ამ კუთხით მდგომარეობა ბოლო წლებში შეიცვალა. ტურისტების რაოდენობა 19,6%-ით გაიზარდა. ტუროპერატორების ცნობით, ვიზიტორებს განსაკუთრებით ქვეყნის ბუნება და ყურძნის ვენახები იზიდავს.

აზერბაიჯანი – 20%

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია, ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებათა რეიტინგში აზერბაიჯანსაც ასახელებს. ევროპისა და აზიის შერწყმის ადგილს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, მისი დედაქალაქი ბაქო კი, მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ საპორტო ქალაქად არის აღიარებული. ქვიშიანი, უდაბნოსთვის დამახასიათებელი ქარების გამო, აქ ძირითადად გაზაფხულზე მოგზაურობენ, თუმცა ქალაქში წარმოდგენილი 30 მუზეუმის, 7 თეატრის, 11 უმაღლესი სასწავლებელის, კინოსტუდიებისა და თანამედროვე არქიტექტურული ძეგლების ნახვა მაინც ყველა სეზონზე სასიამოვნოა.

მაკედონია – 23.5%
23,5%-ით მეტი ტურისტი კი წელს მაკედონიას ესტუმრა. ალექსანდრე მაკედონელის სამშობლოში მოლდოვას მსგავსად, ტურისტების სიმცირე იყო. 2017 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 631 000 იყო.

ისლანდია – 24.11%

ხუთეულს შორეული ისლანდია ხსნის, სადაც სიახლეების აღმოჩენაში სულ მცირე ლურჯი ლაგუნა, დიდი გეიზერები, ვულკანური თუ კრისტალური ტბები და ბევრი ჩანჩქერები დაგეხმარებათ. ელფებისა და გეიზერების ქვეყანაში, ველური ბუნებისა და ძლიერი ვიკინგების შთამომავლების სანახავად წელს 24.11%–ით მეტი ტურისტი ჩავიდა. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

თურქეთი – 24.14%

თურქეთში კი ტურისტული ბუმი კიდევ დიდხანს შენარჩუნდება, წელს ნამატი 24.14%–ს უტოლდება. შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა იზიდავთ ტურისტებს თურქეთში განსაკუთრებით, რადგან აქ სანახავი ბევრია და ამიტომ რთულდება მათი გამორჩევა. თუმცა ტურიზმის სექტორი ქვეყანაში მაინც დამყარებულია ძირითადად ისტორიულ ადგილებზე და ზღვისპირა ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე.

ისრაელი – 24.6%

ევროპის ყველაზე მზარდი მიმართულებების სამეულში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ისრაელსაც ასახელებს. ამბობს, რომ მისი ისტორიულ–რელიგიური სანახაობები, ტრადიციები, კულტურა და კერძები, ევროპის ნაწილია, ამიტომაც სიაში, ტურისტების 24.6%–იანი ნამატით, ქვეყანა მესამე პოზიციას იკავებს.

საქართველო – 27.9%

რიგით მეორე კი საქართველოა. “ევროპის ხელუხლებელი კუთხე”, ასე მოიხსენიებს გამოცემა ქვეყანას, რომელიც გაგაოცებთ თავისი სამზარეულოთი, კულტურული ძეგლებით თუ სასტუმრო–რესტორნებით, მათ შორის ნახსენებია სასტუმრო სტამბაც, მე–20 საუკუნის ნაგებობა, რომელიც წარსულსა და აწმყოს აერთიანებს.

სან–მარინო – 31.1%

2017 წელს სან მარინოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქვეყნის 33 000-მა მაცხოვრებელმა სულ მცირე 2 სტუმარს მაინც უმასპინძლა. რა თქმა უნდა ეს სახარბიელო მაჩვენებელი არ არის, თუმცა ქვეყანამ პირველი ადგილის დაკავება ტურისტების ნაკადების 31.1%-იანი ზრდით მოახერხა. ეს ის ლოკაციაა, სადაც მთელი დღის განმავლობაში მე-15 საუკუნის უძველესი ფრესკებისა და მუზეუმების დათვალიერება შეგიძლია, ასე რომ არცაა გასაკვირი რომ ქალაქს ტურისტები ერთგვარ მუზეუმს ადარებენ.