მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენის აპარატის წერილი თეა წულუკიანს

5a745254e1fc4
თელარა გელანტია
02.02.18 15:54
1081
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს „აღსრულების კოდექსის“ პროექტში იმ ნორმების გათვალისწინებას სთხოვს, რომლის თანახმად, იძულებითი აღსრულება სასამართლოს გარეშე იქნება შესაძლებელი.

როგორც BM.ge-ისთვის გახდა ცნობილი, ამ თემასთან დაკავშირებით, 2017 წლის 29 დეკემბერს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა ოფიციალური წერილით თეა წულუკიანს მიმართა.

"საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს ხშირად მომართავენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს ბანკების ასოციაცია, უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის აღკვეთის ადმინისტრაციულ (არასასამართლო) წესის აღდგენასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლამდე საქართველოს კანონმდებლობა იცნობდა უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის აღკვეთის 2 ტიპის ადმინისტრაციულ მექანიზმს - საპოლიციოს და სააღსრულებოს. ამჟამად ორივე მათგანი გაუქმებულია. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს აღსრულების კოდექსის პროექტზე, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აღსრულების კოდექსის პროექტში გათვალისწინებული იქნეს ნორმები, რომლის მიხედვითაც, იძულებითი აღსრულების ფარგლებში უძრავი ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში, შემძენის განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ ჩაითვლება აღსრულების ქვემდებარე აქტად და დაექვემდებარება იძულებით აღსრულებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. სწორედ ანალოგიური მექანიზმი არსებობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში 2015 წლის დეკემბერში განხორციელებულ ცვლილებამდე“, - ნათქვამია წერილში.

წერილის ასლი ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც გადაუგზავნა.

ზურაბ ძნელაშვილს იუსტიციის მინისტრისგან საპასუხო წერილი, ჯერჯერობით, არ მიუღია.

"აღსრულების კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე დავსვი საკითხი, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ რეალიზებულ ქონებებზე თავად სააღსრულებო ორგანოს ჰქონდეს ე.წ. გამოსახლების თუ ფართის გამოთავისუფლების უფლება; ანუ როდესაც სააღსრულებო ბიურო აუქციონზე გაყიდის უძრავ ქონებას, იქნება ეს საცხოვრებელი ფართი, სახლი თუ ბინა ან როდესაც ნატურით გადასცემს სახელმწიფოს ქონება და ამ ფართიდან არ გამოდის ძველი მესაკუთრე/სხვა პირი, რომელიც არამართლზომიერად ფლობს ამ ნივთს, ამაზე აღარ იყოს საჭირო სასამართლოში წასვლა და ახალი დავის დაწყება", - განაცხადა BM.ge-ისთან საუბარში ძნელაშვილმა.

წულუკიანისთვის გაგზავნილ წერილს ბიზნეოსმბუდსმენის აპარატი თან ურთავს დანართს, რომელშიც მოყვანილია არგუმენტები და რისკები, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის აღკვეთის ადმინისტრაციული წესის არარსებობას ახლავს თან.

მაგალითად ის, რომ „არაეფექტური და არამიმზიდველი ხდება სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონები, ვინაიდან, აუქციონზე ნაყიდი ქონებიდან წინა მესაკუთრის ან სხვა პირის გამოყვანას ცალკე სასამართლო პროცესი სჭირდება“, ასევე "დამატებით დაიტვირთება სასამართლო, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს საქმეთა დროულ განხილვას“. გარდა ამისა, სახელმწიფოსთვის და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გართულდება მათ საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა. კერძოდ, თუ სხვა პირის მიერ უკანონოდ დაკავებულია სახელმწიფო ქონება, სახელმწიფოს კი უნდა მისი გაყიდვა, ამისთვის დასჭირდება სასამართლო პროცესები და ა.შ.