მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი "თიბისიზე": "ბანკის ხელმძღვანელობამ მეტი უნდა ილაპარაკოს"

5c691d4c8a192
ელენე კვანჭილაშვილი
17.02.19 15:00
884
„მნიშვნელოვანია ალბათ მაინც ის განცხადება, რომელიც ბანკმა გაავრცელა და სადაც საუბარია გარკვეულ მიზანმიმართულ კამპანიაზე“ - ასე უპასუხა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ „ანალიტიკა“-ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას: აკლია თუ არა მას არგუმენტები იმ განცხადებებში, რომელსაც ავრცელებს ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი და მეორე მხრივ, თიბისი ბანკი და პირადად მამუკა ხაზარაძე.

ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის აქციონერებისგან ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება მოითხოვა და ამისთვის ორი თვე მისცა. ამასთან, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოში ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

"თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. "თიბისი ბანკმა" სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. "თიბისი ბანკი" აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა",- ნათქვამია ბანკის განცხადებაში, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

მანამდე თემას პირადად მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა, ასევე მხოლოდ წერილობითი ფორმით. „დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან“ - წერდა მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიცია ასეთია: „თუ ეს განცდა არსებობს და თუ ეს განცდა გააჩნია ასევე ამ განცხადებიდან გამომდინარე, საზოგადოების სხვა წევრებსაც, ბუნებრივია, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაცია იმისათვის, რომ ამ განცდაზე, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს საფუძველი, იყოს გარკვეული პასუხი. თუ არსებობს კონკრეტული ფაქტები, რეალური ფაქტები, რაც იმ ვარაუდებს თუ რეალურ ფაქტებს უკავშირდება რაც არსებობს, მაშინ ამაზე თვითონ ბანკის ხელმძღვანელობამ უფრო მეტად უნდა ილაპარაკოს. სხვა შემთხვევაში ეს უფრო ემოციურ განცდებთან შეიძლება იყოს კავშირში“ - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, საგამოძიებო პროცესი უნდა წარიმართოს არგუმენტირებულად და გამჭვირვალედ და ყველა ღია კითხვას რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა გაეცეს პასუხი.