მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი მიწის მორატორიუმთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს

59787f7e6fb56
BM.GE
26.07.17 15:39
1054
ბიზნესომბუდსმენის აპარატი პარლამენტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების კანონთან დაკავშირებით წერილობით მიმართავს.
წერილში ვკითხულობთ, რომ მიწის მორატორიუმი ვრცელდება არა მხოლოდ ნორმის ძალაში შესვლის შემდეგ დარეგისტირებულ საკუთრების უფლებაზე, არამედ მორატორიუმის ძალაში შესვლის მომენტისთვის არსებულ (რეგისტრირებულ) საკუთრების უფლებაზეც.

„ზემოაღნიშნული ნორმა პრაქტიკაში იმგვარად შეიძლება იქნას განმარტებული და გამოყენებული, რომ არა მხოლოდ შეჩერდეს სასოფლო-საურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების რეგისტრაციის მიზნით ცვლილებების შემდეგ დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება, არამედ შეჩერებულად ჩაითვალოს ცვლილებების ამოქმედების მომენტისთვის რეესტრში რეგისტრირებული, ძალაში მყოფი მონაცემებიც და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აღარ მიეცეთ საკუთრების განკარგვის შესაძლებლობა.

შეზღუდვა ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირზე, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ეს შეზღუდვა გავლენას ახდეს, როგორც აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ ნორმის ძალაში შესვლამდე განხრციელებულ ქმედებებზე ასევე მათ სამომავლო საქმიანობაზე. კერძოდ, ბაზრის შეზღუდვის გამო ბანკებს გაუჭირდებათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება. რიგი კომერციული ბანკები ვეღარ ახერხებენ მორატორიუმის ძალაში შესვლამდე ნაყიდი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბანკის საკუთრებად დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში, იმ პირობებში როდესაც მოვალის ვალდებულება ბანკის წინაშე უკვე შეწყვეტილია, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გამო;

შეუძლებელი გახდა კომერციული ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბანკის მიერვე შეძენა აუქციონზე.
კომერციული ბანკები პრაქტიკულად უარს იტყვიან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უზრუნველყოფის საშუალებად მიღებაზე, რაც გავლენას მოახდენს არამხოლოდ საბანკო სექტორზე, არამედ იმ პირებზეც, რომლებზეც მორატორიუმი არ ვრცელდება.

შეფერხდება სახელმწიფო პროგრამებიც, რომლებიც კომერციული ბანკების მიერ კრედიტის გაცემის კომპონენტს ითვალისწინებს. (მაგალითად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა). ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საგანს სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვა (მორატორიუმი) არ გავრცელდეს შეზღუდვის (მორატორიუმის) ამოქმედებამდე უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე“, - ვკითხულობთ წერილში.