მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს: "დავუკავშირდი საპენსიო სააგენტოს, ყურმილს არავინ იღებს"

5c10f1bab2b19
თამუნა ქემერტელიძე
12.12.18 15:02
1871
„დავუკავშირდი საპენსიო სააგენტოს, ყურმილს არავინ იღებს, არც მითითებულ ინტერნეტ მისამართზე მპასუხობს ვინმე, მომზადებული კი არა, ამ რეფორმის 90% მოსამზადებელია“, - ასე ეხმაურება ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე დაგროვებით საპენსიო სისტემას, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

მისი თქმით, ბიზნესი როგორ უნდა იყოს მზად მაშინ, როდესაც არ აქვთ ინფორმაცია სად მიდის ეს ფული და ვინაა პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ რეფორმისთვის საჭირო თანხა ან დანაზოგები გაიფლანგება.

რევაზ ვაშაკიძე გამოდის ინიციატივით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს ცვლილებები და გაიწეროს იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც რეფორმის ფარგლებში აკუმულირებულ ფულს გაფლანგავს.

„ვინ აგებს პასუხს თუ ფული დაიკარგება, მე მგონია, ეს რეფორმა იმისთვისაა ასე დაჩქარებული, რომ ისედაც დასუსტებული კერძო სერქტორიდან ფული ამოიღონ, ესაა ზედაპირული მიდგომა და ზერელედ მომზადებული საკითხი“, - აცხადებს ვაშაკიძე.

როგორც bm.ge-თან საუბარში კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი აცხადებს, ის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგი არაა, მაგრამ არ სურს, ასე დაჩქარებული ტემპებით მისი ამოქმედება, რადგან რჩება პასუხგაუცემელი კითხვები.

ცნობისთვის: ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აღიარებს, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით პიარკამპანია და მოსახლეობის ინფორმირება ადრე უნდა დაწყებულიყო.

ამის შესახებ მან საქართველოს ბიზნესასოციაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებმა კითხვები საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დასვეს.

კერძო სექტორის განცხადებით, არსებობს ბევრი ბუნდოვანება და მათ აქვთ კითხვები რეფორმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.
"იყო ლაპარაკი საპენსიო რეფორმაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ვართ მზად, წინა კვირას გვქონდა ფართო განხილვა ამ საკითხზე. სისტემურად მზად ვართ და უახლოეს დღეებში დაიწყება ძლიერი კამპანია, რომელიც მთელ მოსახლეობას მოახსენებს, თუ როგორ იმუშავებს საპენსიო სისტემა. მზად ვართ, რომ პირველი იანვრიდან დავიწყოთ. ესწრება ყველაფერი. პიარკამპანიის თვალსაზრისით ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო. ჩვენ ამას ავანაზღაურებთ, იმიტომ რომ ინტენსიური კამპანია გვაქვს დაგეგმილი. მთავარია, რომ სისტემა მზად არის", - აცხდებს ქობულია.