მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის განცხადებით, 200 000 ლარამდე სესხების დოლარში აღების აკრძალვასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე მთავრობას მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ბიზნესს რამდენად აწყობს ან არ აწყობს ეს რეგულაცია ამაზე ჩვენს ასოციაციასთან არ ყოფილა კომუნიკაცია, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოვლენილია, რომ 200 000 ლარამდე სესხებს უფრო ხშირად იღებს მცირე ბიზნესი და მათთვის უფრო დიდი პრობლემაა და რისკია სავალუტო რყევები, როცა ლარი უფასურდება და არა ის, სესხებს 6%-ში აიღებს ბანკისგან თუ - 8%-ში; განსხვავება მათ შორის ისაა, რომ დოლარში პროცენტი გაცილებით დაბალია, ვიდრე - ლარში“, - განაცხადა bm.ge-თან ჭელიძემ და იქვე დასძინა, რომ ახალი რეგულაციით, ფაქტობრივად, ბიზნესს არჩევანი არ ექნება, რომელ ვალუტაში ისესხოს.
მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელისთვის რეგულაციებთან დაკავშირებით მთავრობის არგუმენტები მისაღებია.
შეგახსენებთ, სავარაუდოდ, 1 თვეში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები 200 000 ლარამდე სესხებს დოლარში ვეღარ აიღებენ. მთავრობის ეს პოლიტიკა გავრცელდება ლიზინგზეც. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, ამით რისკების დაზღვევას შეძლებენ.
„ლარიზაცია არის ჩვენი მნიშვნელოვანი ინიციატივა და ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას“, - აცხადებს პრემიერი
14.სექტემბერი.2018 10:00
ეკონომიკა
ბიზნესმა 200 000 ლარამდე სესხების დოლარში აღების აკრძალვის შესახებ მედიიდან შეიტყო
