მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის შეფასებით, თამბაქოს ნაწარმის გარე ხილვადობის აკრძალვის აღსრულება არასწორად ხდება

5c0d598c8c45f
BM.GE
09.12.18 22:03
836
საქართველოში 12 ათასზე მეტ სავაჭრო პუქნტში - მაღაზიასა თუ სუპერმარკეტში იყიდება თამბაქოს ნაწარმი. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდა ახალი კანონი, რომელმაც თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების აკრძალვა განავრცო და თამბაქოს პროდუქტების გარე ხილვადობაზე დააწესა შეზღუდვა. თუმცა, თამბაქოს ინდუსტრიის შეფასებით, სახელმწიფო ამ კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს და მისი უფრო ფართო განმარტებით ათასობით სავაჭრო ობიექტს დაჯარიმების რისკის ქვეშ აყენებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155-ე მუხლის მიხედვით იკრძალება:

“თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.”

British American Tobacco-ს დირექტორი იურიდიულ და კოპრორატიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე ამბობს, რომ ამ კანონის განმარტება არაადეკვატურად ხდება. სხვიტარიძე ამბობს, რომ საკითხი იმდენად მწვავეა, რომ ბიზნესი ამ საკითხის უმაღლესი თანამდებობის პირებთან დასმასაც განიხილავს.

“სამწუხარო რეალობაა, რომ არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა კანონის. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სხვადასხვა NGO-ებსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს. გარე ხილვადობის აღსრულებას, შემოსავლების სამსახური ახდენს. როგორც შემოსავლების სამსახურთან, ასევე თბილისის მერიასთან ჩვენ მჭიდროთ ვთანამშრომლობთ, რათა ზუსტად მოხდეს ის განმარტება, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული და რაც რეალურად უნდა ყოფილიყო ამ რეგულაციის დეფინიციაში ჩადებული. ბევრი მაღაზია ამით ზარალდება. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ შევძლოთ ამ საკითხის დარეგულირება. განვიხილავთ ასევე პრემიერთან შეხვედრასაც.

სამწუხაროდ, კანონის განმარტება მოხდა არაადეკვატურად. გარე ხილვადობის აკრძალვა ნიშნავს, რომ ქუჩიდან არ უნდა იყოს ხილვადი თამბაქოს ნაწარმი. ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩიდან უნდა შევიჭყიტოთ კარებში და იქ ვეცადოთ რომ თამბაქო დავინახოთ. აქ საუბარია ჩვეულებრივ, ქუჩაში გავლის შემთხვევაში იმაზე, რომ გარედან არ ჩანდეს, რომ იქ თამბაქოს ნაწარმი იყიდება. ანუ ვიტრინებზე არ უნდა იყოს ეს ნაწარმი. ეს რეგულაცია შინაარსობრივად არის გარე რეკლამირების აკრძალვის გაგრძელება. კარი თუ გაიღო და იქ გამოჩნდა თამბაქოს ნაწარმი, ეს ამას არ გულისხმობს. ეს საკითხები უნდა აწონ-დაწონოს შემსოავლების სამსახურმა. იმედია ის განმარტება მიეცემა, რაც დევს მის არსში,”- ამბობს სხვიტარიძე.