მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინის გაყიდვა-გაქირავების მსურველებს ენერგოეფექტურობის სერთიფიკატის აღება დასჭირდებათ

5bcde00518804
სალომე მეცხვარიშვილი
22.10.18 19:20
25745
ბინის გაყიდვა-გაქირავების მსურველებს ენერგოეფექტურობის სერთიფიკატის აღება დასჭირდებათ,- ამას ითვალისწინებს  კანონპროექტი ენერგოეფექტურობის შესახებ,   რომელიც განხილვაც დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მოხდა. კომიტეტმა კანონპროექტის ავტორისგან, ეკონომიკის სამინისტროსგან, დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა და საკითხზე მსჯელობა გადადო.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ განმარტა, კანონის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის 30 ივნისიდან, ბინის გაყიდვისა და გაქირავების მსურველებს ენერგოეფექტურობის სერთფიკატის აღება მოუწევთ. მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც უბრალოდ აღწერს შენობაში არსებულ მდგომარეობას ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ქავთარაძის განმარტებით, სერთიფიკატის გაცემას სპეციალისტები კონკრეტული პროგრამების მეშვეობით შეძლებენ და ეს დიდ თანხებთან დაკავშირებული არ იქნება.

„დღევანდელ ბინის მფლობელებს არანაირი ვალდებულება არ დაეკისრებათ. თუ ცხოვრობთ საცხოვრებელ ბინაში და არც ყიდით და არც აქირავებთ, ეს კანონი თქვენ არ გეხებათ“,- აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ 2020 წლიდან სამშენებლო ნებართვების აღებამდე, პროექტმა მინიმალური ენერგოეფექტურობის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ასეთი მოთხოვნები კი დადგენილი იქნება მთავრობის აქტით, სადაც პირობები გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა კლიმატური ზონების მიხედვით, მაგალითად ბათუმში, თბილისსა და გუდაურში სხვადასხვა მოთხოვნები იქნება დადგენილი ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ირმა ქავთარაძე განმარტავს, რომ ენერგოეფექტურობის მოთხოვნები სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ხარჯეფექტიანი იქნება მშენებლისთვის.

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ არამარტო მშენებლობის ხარჯებიდან, არამედ უნდა ვიანგარიშოთ ხარჯები, რომლებიც დაკავშრებულია ბინის ყიდვასა და ექსპლუატაციასთან. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ენერგოეფექტიანობის მოთხოვნები მხოლოდ მაშინ იქნება და ისიც ახალ ბინებზე, თუ არის ხარჯეფექტური. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დახარჯული თანხა ნაკლებია იმ დანაზოგზე, რომელსაც ადამიანები მიიღებენ ენერგოეფექტიანი ღონისძებების განხორციელების შედეგად, ენერგოეფექტიანობა სავალდებულო არ იქნება.

მაგალითად, თუ მე ბინა დამიჯდებოდა კვადრატული 200 ლარი, დავხარჯზე თითოეულ კვადრატულზე 3 ლარით მეტი, მაგრამ დავზოგე ამდენივე ბუნებრივი გაზი ან ელექტროენერგია, მაშინ მე ენერგოეფექტიანობა მომეთხოვება. მაგრამ თუ ჩემი დანაზოგი ბინის ყიდვისას, ნაკლებია ვიდრე თანხები, რომლებიც დამიჯდა შენობის გაენერგოეფექტიანობა, მაშინ არ არის სავალდებულო. ანუ ამოსავალი არის ის, რომ ბინის მყიდველმა უნდა მიიღოს დადებითი ეკონომიკური ეფექტი. ამის გაზომვა კი მოხდება ენერგო აუდიტორების მიერ“,- აცხადებს ირმა ქავთარაძე.