მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრ პროექტს, რასაც ვაკეთებთ, არ ვხსნით, რადგან სოფლის გზის გახსნა ჩემთვის უხერხულია"

5c6d780c40ea7
დათო ჯალაღონია
20.02.19 20:00
2351
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოსაზრებით, რეგიონებში განხორციელებულ რიგ პროექტებს „პროპაგანდა აკლია“.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ცქიტიშვილს ჰკითხა, ჩანს თუ არა რაიმე გაკეთებული, გარდა იმისა, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში მოესწრო.

„თბილისიდან გავიდეთ, რადგანაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში ახორციელებს ამ 9 მილიარდის პროექტებს, ყველაფერი ჩანს იმ რეგიონებში, სადაც ვაკეთებთ. ძალიან ბევრ პროექტს, რასაც ვაკეთებთ, არ ვხსნით, რადგან სოფლის გზის გახსნა ჩემთვის უხერხულია, განსაკუთრებით, ორი ბოლოდან. პროპაგანდა ნამდვილად აკლია და როდესაც დანახვის სურვილი აქვს ადამიანს, დაინახავს. მთავარია, ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, რომლებიც ამ გზებით გადაადგილდებიან და ონკანში მოშვებულ წყალს დალევენ იქ, სადაც ათეულობით წლების განმავლობაში წყალი არ იყო, ისინი ამ პროექტებს დაინახავენ და იმედია, როდესღაც თქვენც დაინახავთ“, – მიმართა მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატს.

ამასთან, მაია ცქიტიშვილმა გოცირიძის იმ კითხვასაც უპასუხა, რაც წინამორბედი მინისტრების ცვლილებას ეხებოდა. „რით ხსნით იმ ფაქტს, რომ ექვსი წლის განმავლობაში ექვსი მინისტრი შეიცვალა, მაშინ როდესაც ამ ექვსი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ერთადერთი და შეუცვლელი მინისტრი. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები არიან ასეთი ცუდები, თუ ქალბატონი თეა წულუკიანი არის ასეთი კარგი?“, – მიმართა კითხვით დეპუტატმა მინისტრს.

„ექვსი მინისტრი რატომ შეიცვალა, არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ როდესღაც მეც შევიცვლები და სულ მე არ ვიქნები ინფრასტრუქტურის მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ვარ, მაინც ძალიან მომწონს სამშენებლო სექტორი და მგონია, რომ ბევრი ვიცი ამ სექტორში და ბევრის გაკეთება შემიძლია. ექვსი წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე დარჩენის სურვილი მე არ მექნებოდა და ალბათ, ოდესღაც დასვენებასაც დავიმსახურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედი მაქვს, იმის გამო აღარ ვიქნები მინისტრი, რომ დასვენებას მე თვითონ მოვინდომებ და არა – გარე პოლიტიკური, თუ საგამოძიებო ორგანოები... მე მგონი, ჯერ არცერთი მემუქრება და არც – მეორე. ქალბატონი თეა არის ჩვენი ძალიან კარგი კოლეგა და ალბათ, შეუცვლელი იუსტიციის მინისტრი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.