მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეტანკურის ქონება გარდაცვალებიდან ორ დღეში $1 მილიარდით გაიზარდა

59ca1fbcc69be
BM.GE
26.09.17 13:35
1774
20 სექტემბერს 94 წლის ასაკში, კოსმეტიკური კომპანია L'Oreal-ის დამაარსებლის შვილი და მსოფლიოს უმდიდრესი ქალი, ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა, რომლის ქონებაც 39,5 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული. ამბავი პლანეტის უმდიდრესი ქალის გარდაცვალების შესახებ მეორე დღეს 21 სექტემბერს გავრცელდა, ხოლო ამ ამბის ფონზე 22 სექტემბერს კოსმეტიკური კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 2,5%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ბეტანკურის ქონებას თითქმის მილიარდი - $963 მილიონი დაემატა.

გარდაცვალების მომენტში ლილიან ბეტანკური მსოფლიოში უმდიდრესი ქალად იყო აღიარებული, რომლის ქონებაც ჟურნალი Forbes-ის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, $44,7 მილიარდს შეადგენდა, ხოლო ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მე-14 ადგილს იკავებდა.

21 სექტემბერს L'Oréal-ის აქციების ფასი $176.6 შეადგენდა, ხოლო 22 სექტემბერს მან $180.95 მიაღწია.

ცნობილია, რომ კოსმეტიკური კომპანიის უმსხვილეს აქციონერებად თავად ლილიან ბეტაკური და მისი მემკვიდრეები განიხილებიან, რადგან L'Oréal-ის აქციების 33%-ს ფლობენ. არსებული ინფორმაციით, L'Oréal-ის ფასიანი ქაღალდების ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 88%-ით გაიზარდა და 2017 წლის 26 ივნისის მონაცემებით, რეკორდულ მაჩვენებელს - $195.35 მიაღწია.

ცნობილი ფრანგული კოსმეტიკური კომპანია L'Oréal 1907 წელს წარმოშობით ფრანგმა ეჟენ შუელლერმა (Eugene Schueller) დააარსა. დღესდღეობით კოსმეტიკური ბრენდი L'Oréal ბაზარზე ოთხი მიმართულებით მუშაობს: თმის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, კანის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია. L'Oréal Group –ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: L'Oreal Paris, Garnier, Maybelline, L'Oréal Professionnel, Redken, Lancôme, Biotherm, Parfums Giorgio Armani, Cacharel, Ralph Lauren, Helena Rubinstein, Vichy.