მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბესიკ შენგელია: მიკრო-საფინანსო ინდუსტრია შოკშია

5ba89f1533787
თამუნა დემეტრაშვილი
24.09.18 12:22
2318
მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია Bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საცალო დაკრედიტების ახალმა ინსტრუქციამ "ინდუსტრია შოკში ჩააგდო". 

ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

შენგელიას ინფრმაციით, ახალი ინსტრუქცია რამდენიმე დღის წინ დაეგზავნათ მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს, სადაც სრულად იგნორირებულია ის მოთხოვნები, რაც ინდუსტრიას ჰქონდა.

"აღშფოთებულები ვართ და ამავდროულად გაკვირვებულებიც. მუდმივად იყო დაპირებები, რომ პირველადი დოკუმენტი გადაიხედებოდა, ამ დროს მივიღეთ სრულიად საწინააღმდეგო სურათი, დაკრედიტების ინსტრუქციები კიდევ უფრო ხისტია“, - განაცხადა შენგელიამ.
რეგულაციებთან დაკავშირებულ დეტალებს, დღეს ასოციაციის გამგეობის სხდომაზე განიხილავს სექტორი, მიმდინარე კვირას კი საგანგებო პრესკონფერენციის გამართვას და პროცესში მედიის ჩართვას აპირებენ.

"გვინდა პრემიერთან შეხვედრა, შევეცდებით მას დავანახოთ ის საფრთხეები, რასაც აღნიშნული ინსტრუქცია უქმნის სექტორს და ეკონომიკას. ნამდვილად ვერაფერი გავიგეთ, ეროვნული ბანკი აკეთებს კომენტარს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ყველა საუბრიდან ჩანს, რომ ეს მათთვის არის მოცემულობა,-ვიღაცამ დაავალა, თუ რა ხდება ვერ ვხვდებით“-განაცხადა შენგელიამ.

ასოციაციის ხელმძღვანელი რამდენიმე მაგალითს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, ბაზარს საფრთხის წინაშე აყენებს და თავისი შეინაარსით აბსურდულიც კია.

"იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, მოთხოვნაა, რომ აუცილებლად გამოვიყენოთ უნაღდო ანგარიშსწორება. მაგალითად, სესხი გაგაქვთ მიკრო-საფინანსო ორგანიზაციიდან-ფულს სალაროდან ვერ გავცემთ, ამავდროულად მიკრო-საფინანსოებს არ გვაქვს მიმდინარე ანგარიშების გახსნის უფლება. გამოდის, რომ კომერციულ ბანკში უნდა გავახსნევინოთ ანგარიში მსესხებელს და იქ ჩავურიცხოთ. პირველ რიგში ეს დისკრიმინაციაა, გამოდის, რომ ლანგრით მივართმევთ ჩვენს მსესხებლებს ბანკებს. მათ მარტივად შეეძლებათ წაგვართვან კლიენტი. გარდა ამისა, მსესხებელს ეზრდება ხარჯიც, რაც ეფექტურ განაკვეთზე აისახება, რადგან ბანკებს მინიმუმ 0,6% აქვთ განაღდების საკომისიო“-აღნიშნა შენგელიამ. მისივე ინფორმაციით, იზრდება საკრედიტო რისკი რეფინანსირების დროს.

"ჩვენ ვერ შევძლებთ გავაკონტროლოთ გაცემული თანხიდან დაიფარა თუ არა წინა სესხი, ფული მიმდინარე ანგარიშზე მთლიანად უნდა ჩაირიცხოს. აგენტებს ხომ ვერ გავაყოლებთ?! შესაძლებელია მსესხებელმა თანხა მთლიანად გამოიტანოს და მიმდინარე ნაშთი არ გადაფაროს“, - დასძინა შენგელიამ.
მისი თქმით, არის კიდევ მრავალი დეტალი, რის გამოც ამ რეგულაციების პრაქტიკულად განხორციელება ძალიან რთულია.