მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებს სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მიწების დასაკუთრება აეკრძალებათ

5addc63ef0000
ელენე გოგბერაშვილი
23.04.18 15:40
2229

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენა 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმით დღესაც აკრძალული აქვთ. აკრძალვა ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომელთა კაპიტალის ნახევარზე მეტს უცხოელები ფლობენ. ამ კომპანიების რიგებში არიან ბანკებიც. მათ სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული მიწების დასაკუთრების და შემდგომ რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ.  შედეგი, რაც დადგა ისაა, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება შეაჩერეს.  აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბანკების ასოციაციასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და ბიზნესომბუდსმენთან სამუშაო შეხვედრაზე კონკრეტული ციფრებიც დაასახელა და თქვა, რომ მორატორიუმის შედეგად დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე სესხი შეფერხდა. ბანკების მხრიდან ამ საკითხის აქტიურად დაყენების შემდეგ აგრარულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტლება, რომ  ინიცირებული ორგანული კანონის პარალელურად ცვლილებები მოქმედ მორატორიუმშიც  შევა. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ  საფინანსო სექტორი მიწის რეალიზებას მოახდენს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მათ ქონების დასაკუთრების შესაძლებლობა არ ექნებათ.

"მოქმედ მორატორიუმში გვინდა გავაკეთოთ ცვლილება, რომელიც ხელ-ფეხს გაუხსნის აგრო-სასურსათო მიმართულების დაფინანსებას. გვინდა ეს პრობლემა მოგვარდეს და ფერმერებისთვის ფინანსური რესურსი გახდეს ხელმისაწვდომი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც გასულ წელს გამოცხადებული მორატორიუმის გამო შეიქმნა.

"არის სესხები, რომელიც აგროსექტორშია, ასევე არის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც აგროსექტროში არის საბანკო სექტორის თანამონაწილეობით. მორატორიუმის გამო ბანკები სესხის გაცემისგან თავს იკავებდნენ. არის ისეთი ნაწილი, როდესაც რეგისტრაციამდეა მისული უკვე საკითხი , ბანკს გადახდილი აქვს თანხა, მაგრამ იმის გამო, რომ მორატორიუმი იყო გამოცხადებული საჯარო რეესტრში ვერ არეგისტრირებდნენ  შემდგომი აუქციონზე გატანის მიზნით. აქედან გამომდინარე, ამან მთლიანობაში მიიღო ისეთი მასშტაბი, რომ საბანკო სექტორს თავი შეეკავებინა აგროსექტორთან ურთიერთობაში. მივიღეთ დაპირება, რომ ორი კვირის ვადაში ეს პრობლემა მოხსნილი იქნება ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულებისთვის’’-განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიმ.