მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბანკებისთვის დასაკუთრებული მიწის გასხვისებაზე ვადის დაწესება, ფინანსურ რესურსზე წვდომას გაართულებს"

5c8fa79661ed8
ელენე გოგბერაშვილი
18.03.19 18:51
908
მუხლი, რომლის ამოღებასაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების“ კანონპროექტში საბანკო სექტორის ითხოვს, ის ორწლიანი ვადაა, რა დროშიც მათ დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულება წარმოეშობათ.

კანონპროექტში წერია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომელთა დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საკუთრების წარმოშობიდან 2 წლის ვადაში უნდა უზრუნველყონ მისი გასხვისება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დაეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია.

ბანკების ასოციაციას მიაჩნია, რომ საბანკო სექტორისთვის დროის შეზღუდვა მომავალში მიწების დაგირავების კუთხით მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის.
„შეზღუდვა, რომ 2 წელიწადში მოხდეს აღნიშნული ქონების გასხვისება, შეამცირებს შეფასების კოეფიციენტს, სალიკვიდაციო ღირებულების კოეფიციენტს და ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ზედმეტია.

რეალურად, ვადის განსაზღვრა, არ ვფიქრობთ, რომ არის სწორი მიდგომა იქიდან გამომდინარე, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მიწის ფლობა ისედაც ტვირთია. იქიდან გამომდინარე, რომ რეზერვირება ხდება აღნიშნული ქონების და მეორე საკითხია კიდევ, რომ აღნიშნული მიწის გამოყენების საშუალება საბანკო სექტორს არ აქვს. მათ შორის იჯარით გაცემის საშუალებაც არ აქვს. აქედან გამომდინარე, აზრს ვერ ვხედავ, რომ ვადა იყოს ამასთან დაკავშირებით. ეს ვადა კიდევ უფრო გაართულებს, ფინანსურს რესურსზე სასოფლო-სამეურნეო მიწის დაგირავებას“, - აცხადებს ძნელაძე.

კანონპროექტის ავტორი ოთარ დანელია კი ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს მიწის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნებათ, თუმცა ჯერჯერობით ამ ნაწილში შეჯერებული პოზიცები არ აქვთ ჩამოყალიბებული. დანელია არ გამორიცხავს კანონპროექტის ის მუხლი, რომელიც საბანკო სექტორს დასაკუთრებული ქონების 2 წელში გასხვისებას ავალდებულებს, შეიცვალოს.

„შენიშვნის ნაწილში ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან. ასევე გვქონდა შეხვედრა ბანკების ასოციაციასთან და მათი შენიშვნების ყველა იმ კომპონენტს გავითვალისწინებთ, რომელშიც რისკ ფაქტორი არ იქნება“, -აცხადებს ოთარ დანელია.