მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველო" პრობლემური სტატუსის ბენეფიციარებისგან თანხის დაბრუნებას მოითხოვს

5ba116ad99835
დავით ჯალაღონია
18.09.18 19:14
1894
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნებს პასუხობს. სააგენტოს დირექტორის მოადგილის თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების ნაწილი მათ უკვე გაითვალისწინეს.

აუდიტის სამსახურის შენიშვნის ერთი ნაწილი „აწარმოე საქართველოს“ კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ პროგრამის ბენეფიციარების საქმიანობასთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგების წარდგენას ეხება, რაც აუდიტორების ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში არ ხდება.

როგორც „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, კონტრაქტორი ორგანიზაციები სააგენტოს მონიტორინგის შედეგებს ყოველ კვარტალში ერთხელ აწვდიან.

"გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით კონტრაქტორები ისედაც გვაწვდიდნენ ინფორმაციას ყოველ კვარტალურად. 2018 წლის ხელშეკრულებით კი, რომელიც უკვე ახალი მიკროგრანტების კომპონენტის ფარგლებში დაიდო კონტრაქტორებთან, უკვე გავითვალისწინეთ აუდიტის რეკომენდაციები, რომელზეც გარდა კონტრაქტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა, ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტიც განახორციელებს დეტალურ მონიტორინგს, თუ როგორ სრულდება ის პირობები, რაც მიკრო გრანტებით გათვალისწინებულია“, - განმარტა სულაბერიძემ.

რაც შეეხება იმ პრობლემური სტატუსის ბენეფიციარებს, რომლებმაც „აწარმოე საქართველის“ მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გრანტები მიიღეს და თანხა არამიზნობრივად გამოიყენეს, მათ სააგენტო თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.

„ჯამურად, 2015-დან 2017 წლის ჩათვლით, აღნიშნული კომპონენტით ისარგებლა 3000-ზე მეტმა ბენეფიციარმა, საიდანაც მხოლოდ 45-ია ისეთი, რომელმაც არ შეასრულა ის პირობები, რომელიც იყო კომპონენტის ფარგლებში. რაც შეეხება თავად პროცედურებს, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და იმ შემთხვევაში, თუ ეს 45 მეწარმე არ დააბრუნებს თანხებს, ჩვენ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის წარმოებას დავიწყებთ“, - განაცხადა სულაბერიძემ.