მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახური: სახალხო დამცველმა ძვირადღირებული მანქანა საჭიროების გარეშე შეიძინა

5c4719ba20498
დათო ჯალაღონია
22.01.19 19:00
1039
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატში საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის ფაქტი დაადგინა.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ სახალხო დამცველის აპარატში 2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და შრომის ანაზღაურების შესაბამისობის აუდიტის დასკვნაშია მოცემული, 2016 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 105,500 ლარის ღირებულების ავტომანქანა შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ არ სჭირდებოდა.

„მიღებული პრაქტიკიდან და სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა/ექსპლოატაციის ხარჯების მინიმიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვა უნდა განხორციელდეს საჭიროების გათვალისწინებით, არგუმენტირებული დასაბუთებების საფუძველზე. 2016 წლის 23 მარტს, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატმა 2009 წელს გამოშვებული, 7,000 ლარად შეფასებული ავტომანქანა HYUNDAY TUCSON ჩაანაცვლა 105,500 ლარის ღირებულების ავტომანქანით - MERCEDES-BENZ GLA 250 4MATIC (გამოშვების წელი 2016). ფასთა სხვაობის შესავსებად მიმწოდებელს - „შპს „ავტო თრეიდ ინ“-ს აუნაზღაურდა 98,500 ლარი.

ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა განხორციელდა აპარატის საჭიროებების შესწავლის გარეშე, რაზეც მიუთითებს ის გარემოება, რომ ჩანაცვლებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ავტომანქანა გაჩერებული იყო ავტოსადგომზე, ხოლო 2017 წლის დეკემბერში განსაკარგავად გადაეცა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საგენტოს.

ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენის საჭიროების არარსებობას ადასტურებს ასევე ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტემენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ შენახვის დიდი ხარჯებიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ზემოაღნიშნული მონაცემების და მოდელის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახური სახალხო დამცველის აპარატს შიდა ინსტრუქციის შემუშავების რეკომენდაციას აძლევს, რომლიც გასაწევი ხარჯების მინიმიზაციისკენ იქნება მიმართული.