მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: სამინისტროს ფეხბურთის ფედერაციის დავალიანება აქვს

5b55f3ce0ffcc
ანა ლაპიაშვილი
23.07.18 19:14
903
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის 2015, 2016 წლებსა და 2017 წლის 9 თვეში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ 234,535 ლარის ოდენობით დებიტორული დავალიანება ერიცხება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის მიხდვით ვალი აღიარებული და დადასტურებულია ფეხბურთის ფედერაციის მიერ.

აუდიტის სამსახური შესაბამისობის აუდიტის დოკუმენტში აღნიშნავს: " სამინისტროს არ გაუტარებია ქმედითი ღონისძიებები აღნიშნული დებიტორული დავალიანების ბიუჯეტში დასაბრუნებლად".

კიდევ ერთი საკითხი რაზეც ანგარიშშია საუბარი შეეხება ფონდის 2016 წლის პროგრამით გათვალისწინებულ ხარჯებს, რომლიც მოცულობამაც 40,200,000 ლარი შეადგინა და აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მისი დამტკიცება რეალური შემოსავლების გაუთვალისწინებლად მოხდა. "მობილიზებულ იქნა მხოლოდ 26,310,282 ლარი. შესაბამისად, ვერ შესრულდა პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ხარჯები, რის გამოც გათვალისწინებული ხარჯების ნაწილობრივი დაფარვის მიზნით, 2016 წლის 30 დეკემბერს კომერციული ბანკიდან აღებულ იქნა სესხი - 2,000,000 ლარის ოდენობით. სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი დაიფარა 2017 წლის 9 იანვარს. საკომისიომ და პროცენტმა შეადგინა 9,479 ლარი, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული არ ყოფილა".

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავდა.