მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვები ხარვეზებით ხასიათდება

592d15653a9b9
BM.GE
30.05.17 10:46
1211
საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვები ხარვეზებით ხასიათდება, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე“ მომზადებულ მოხსენებაში. აუდიტის შეფასებით, – ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს: წლის განმავლობაში საჯარო უწყებების სახელმწიფო შესყიდვების დამტკიცებულ გეგმებში განხორციელებული ხშირი და მასშტაბური ცვლილებები; შეწყვეტილი და არშემდგარი ტენდერების დიდი ოდენობა; ელექტრონული ტენდერის გამოცხადება ისეთ საქონელზე, რომლის შესყიდვის საჭიროება უწყების წინაშე არ იდგა; შესყიდვის პროცესში საბიუჯეტო ორგანიზაციების სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციაში არსებული ხარვეზები; შესასყიდი საქონლის/მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების სწორად განსაზღვრასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და სხვა.

ამასთან აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიში მთლიანობაში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თუმცა მოხსენებაში ხაზგასმულია ის ძირითადი საკითხები, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილია ბიუჯეტის დაგეგმვის/შესრულების პროცესის სრულყოფისა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად:

გეგმურ მაჩვენებელთან მიმართებაში ჩამორჩენით ხასიათდება დღგ-დან და დივიდენდებიდან მიღებული შემოსავლები - 2016 წლის განმავლობაში დღგ-დან მობილიზებული შემოსავლების ოდენობა 516 მლნ ლარით ჩამორჩა გეგმურ მაჩვენებელს. რაც შეეხება დივიდენდებს, სახელმწიფო საწარმოების წმინდა მოგებიდან ბიუჯეტში მისამართი დივიდენდების წლიური გეგმა 2.5 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა. თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტში დივიდენდები მიმართა სულ 30-მა საწარმომ, ჯამურად 717.1 ათასი ლარის ოდენობით, რაც წლიური გეგმის მხოლოდ 28.7% შეადგენს. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის“ (შემდგომში კომისია) სხდომა არ გამართულა, ხოლო გასული წლების სხდომის დროს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება;

საბიუჯეტო წლის ბოლოს გადასახდელების ათვისების მკვეთრი ზრდის ტენდენცია - 2016 წლის დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების ჯამური მოცულობა 2016 წლის 11 თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებლის 151.7%-ს შეადგენს. აღნიშნული განპირობებულია, საბიუჯეტო წლის ბოლოს ავანსების სახით ისეთი ღონისძიებების დაფინანსებით ან საქონლის/მომსახურების შესყიდვით (ზოგჯერ შესყიდვების გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად), რომელთა გადახდის აუცილებლობა საჯარო უწყების წინაშე იმ მომენტისათვის არ იდგა. წლის ბოლოსათვის აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების მასშტაბური ხარჯვა კი, როგორც გასული წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, ქმნის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს;

„შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას - აღნიშნული მუხლი არ იძლევა სრულ ინფორმაციას საჯარო სექტორში შტატით გათვალისწინებული მომუშავეების მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების გაწევა ხდება არამხოლოდ „შრომის ანაზღაურების“, არამედ „სუბსიდიებისა“ და „სხვა ხარჯების“ მუხლებიდანაც, საიდანაც 2016 წლის განმავლობაში ამ მიმართულების ათვისებულმა თანხამ 53,026 ათასი ლარი შეადგინა.