მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს"

5c94b466de257
თელარა გელანტია
22.03.19 14:09
622
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, „კრიმინალს ჩვენ ვუპირისპირებთ კანონით დადგენილ პოლიტიკას, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე და ის არასოდეს მოხდება საქართველოში“.

ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ე.წ. ინტერპელაციის წესით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

პრემიერის თქმით, კრიმინალის 54%-იანი ზრდა მნიშვნელოვანწილად აღრიცხვიანობის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

„რა თქმა უნდა, არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს. სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ და დიახ, ეს არის სერიოზული პრობლემა. თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ეგრეთ წოდებულმა „ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკამ − „ყველანი ციხეში".

სხვათა შორის, ეს სიტყვები ამავე დარბაზში გაჟღერდა და ბევრმა თქვენგანმა ოვაციაც კი გამოხატა ამ სიტყვების მიმართ.

კრიმინალს ჩვენ ვუპირისპირებთ კანონით დადგენილ პოლიტიკას, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე და ის არასოდეს მოხდება საქართველოში − მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე, პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია, არსებული მდგომარეობის რეალურად შეცვლა და გამოსწორება, სადაც აუცილებელია − მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, სადაც საჭიროა − გატარდება რეფორმები, რომლებიც სამართალდამცავთა საქმიანობას გახდის უფრო ეფექტურს და ხარისხიანს.

ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს ისეთ ძირეულ რეფორმებს, და გააგრძელებს ამის კეთებას.

ასევე, რეფორმის ფარგლებში, ინერგება პრევენციული მექანიზმები ყველა სამართალდამცავ სტრუქტურაში.

აღსანიშნავია ასევე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი. ამ მიზნით, 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი.

შესაბამისად, ყველა ეს ღონისძიება და რეფორმა, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს, აუცილებლად მიგვიყვანს უფრო ეფექტიან და ხარისხიან საპოლიციო საქმიანობამდე, რაც ბუნებრივია, საქართველოში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

და ბოლოს, ჩვენ ვაგრძელებთ დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრის უსაფრთხოება.

ჩვენ არასდროს დავბრუნდებით წარსულში, ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესული და შეუქცევადი რეფორმების გატარებას, რადგან მხოლოდ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით, ობიექტური სტატისტიკის წარმოებით, რეალური სურათის დადებით ჩვენ შევძლებთ, გავუმკლავდეთ ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ამოცანებსა და გამოწვევებს“, - განაცხადა პრემიერმა.